
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის გამარჯვებას ეხმაურება.
„ლაშა, მადლობა ამ ბედნიერი წუთების განცდისათვის, რომელიც განსაკუთრებით გვჭირდება პანდემიის დრო! ოლიმპიური ოქრო და სამი მსოფლიო რეკორდი,“ – წერს ბიძინა კუკუმბეგოვი.
ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსნობაში, 109კგ წონით კატეგორიაში მთავარ ფავორიტად შერაცხულმა ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა იმედები არ გააცრუა და კარიერაში ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
მსოფლიოში საუკეთესო ძალოსანმა ატაცში 223კგ, აკვრაში 265კგ ასწია და ორჭიდის ჯამში 488 კგ დააფიქსირა. ლაშამ ყველა კონკურენტს საგრძნობი უპირატესობით აჯობა და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა გოლიათმა ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამშიც ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა და თავისივე დამყარებული რეკორდები გააუმჯობესა.






















