
2018 წლის პირველი მაისდან საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ გამკაცრებული კანონი ამოქმედდა, რის შემდეგაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევა აიკრძალა. სრულად გაქრა თამბაქოს რეკლამა ქუჩის ბილბორდებსა და ლაითბოქსებში.
კონტროლი გამკაცრდა ბაზარზეც (საბითუმო, მარკეტები და სხვა), სადაც დაუშვებელია თამბაქო თვალსაჩინოდ იყოს გამოფენილი. თამბაქოს ნაწარმის ჯერ ვიტრინებში გამოფენა აიკრძალა, მოგვიანებით კი აკრძალვა შეეხო სავაჭრო ობიექტების შიდა სივრცესაც, სადაც სიგარეტი და თამბაქოს სხვა, ნებისმიერი ნაწარმი მხოლოდ დახურულ თაროებში შეიძლება იყოს განთავსებული.
2017 წლის 17 მაისს, როდესაც კანონი მიიღეს, გამონაკლისის სახით, მოწევის აკრძალვა არ შეეხო კაზინოებს და ტაქსებს. სწორედ ამ გამონაკლისების აღმოფხვრის მიზნით, უახლოეს მომავალში პარლამენტში დარეგისტრირდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა თამბაქოს მოხმარების შესახებ, რომლის თანახმად, შესაძლოა, მოწევა არამხოლოდ ტაქსიში, არამედ კერძო ავტომობილებშიც აიკრძალოს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანის სალონში არასრულწლოვანი ზის.
ვიდრე ახალი საკანონდებლო ცვლილებების განხილვა დაწყებულა, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, რეალობა ასეთია:
და მაინც რას ემსახურება უკვე მოქმედი ცვლილებები:
• თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება;
• თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება.
იკრძალება თამბაქოს (მათ შორის, ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტის) მოწევა:
• ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;
• საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
• საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში, ტერიტორიებზე და საზოგადოებრივ შეკრებებზე;
• სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ დაწესებულებებში და ტერიტორიებზე;
• ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
• სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.
გამონაკლისი შემთხვევები – თამბაქოს მოწევა ნებადართულია:
• ფიზიკური პირის სახლში; ტაქსისა და კატერში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას; სამორინეში; სიგარაბარში; წინასწარი დაკავების იზოლატორში;პენიტენციურ დაწესებულებაში;
• სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში (შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით).
• თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში.
კანონის მოთხოვნების დაცვის ვალდებულება ეკისრება შესაბამისი დაწესებულებების ადმინისტრაციას, ან სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, მესაკუთრეს/მფლობელს
მიუხედავად მკაცრი კონტროლისა და მუდმივი მონიტორინგისა, მოგეხსენებათ, არიან დამიანების კატეგორიები, რომლებსაც კანონის გზიდან გადახვევას ახერხებს. თუმცა რახან, „არა არს დაფარული რომელიც არ გაცხადდეს“ და აი „შავი ბაზარის“ ლოკაციებიც იპოვეს, რომელიც ქვემოთ რუკაზეა წარმოდგენილი.
ახლა შევეცდებით გაგაცნოთ ის ადგილები, სადაც ყველაზე მეტი კანონდარღვევაა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ გაგვაცნო ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები, რომელშიც ყველა ის ადგილია მონიშნული, სადაც თამბაქოს შავი ბაზარია, როგორ ცდილობენ მოქალაქეები კანონის გვერდის ავლით ივაჭრონ „სასიკვდილო პროდუქტით“ და ამით იხეირონ კიდეც.
მოგეხსენებათ, რომ სკოლების პერიმეტრზე თამბაქოს გაყიდვა აკრძალულია, თუმცა მაინც არის შემთხვევები, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე სიგარეტი ღერებით იყიდება.

დღეის მდგომარეობით საჯარიმო სანქცია ამ დარღვევაზე არის 150 ლარი, რაც არაა შემაკავებელი ამ ობიექტებისათვის, შესაბამისად იგეგმება ზრდა 500 ლარამდე.

დღეის მდგომარეობით პრომო აქციისათვის 5000 ლარი ჯარიმა დაწესებულია პრომო აქციის ორგანიზატორისათვის, შესაბამისად იგი არ ვრცელდება ფართის დამთმობზე, ანუ სავაჭრო ობიექტზე.
ახალი ცვლილებით, ორგანიზატორთან ერთად, პარალელურად დაჯარიმდება სავაჭრო ობიექტიც.

რეკლამის აკრძალვის წესების (სავაჭრო ობიექტში) მონიტორინგის შედეგები ასეთია
მაისი-დეკემბერი, 2019
•თამბაქოს რეკლამა ობიექტში – 175 (4,27%)
• ობიექტის ფასადზე თამბაქოს რეკლამა არის – 192 (4,68%)
• იანვარი-დეკემბერი, 2020
•თამბაქოს რეკლამა ობიექტში – 598 (11,6%) •ობიექტის ფასადზე თამბაქოს რეკლამა არის – 127 (2,5%)
უკანონო ვაჭრობის მონიტორინგის შედეგები
2021 წლის თებერვალი მარტის განმავლობაში განხორციელდა თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო და/ან უაქციზო სიგარეტით ვაჭრობის გამოვლენის საკითხებს.

მონიტორინგის ფარგლებში შეამოწმეს 1361 სავაჭრო წერტილი (როგორც სტაციონარული მაღაზიები, ასევე ბაზრობები და ხელზე მოვაჭრეები).
ყველა ქალაქში ყველაზე ხელმისაწვდომი იყო ორი ბრენდის სიგარეტის შეძენა: მანჩესტერი (წითელი, შავი, ლურჯი და თეთრი) და MAC (ორივე აფხაზური აქციზით). ზუგდიდში აღნიშნული ორი ბრენდის გარდა ასევე შესაძლებელი იყო NZ (ბელორუსული აქციზით) შეძენა. ხაშურში ასევე მონიტორმა შეიძინა ომეგას დასახელების სიგარეტი (ყოველგვარი აქციზის გარეშე).
ბათუმში ხელმისაწვდომი იყო განსაკუთრებით მრავალი ნაირსახეობის უკანონო სიგარეტი. ზემოაღნიშნული ბრენდების გარდა აქ შესაძლებელი იყო შემდეგი სიგარეტის შეძენა: მარლბორო (აფხაზური აქციზით და/ან უაქციზო), 2005 (უაქციზო), American Legend (უაქციზო), Pall Mall (უაქციზო), PS (უაქციზო), Dubao (უაქციზო), Credo (აფხაზური აქციზით).
რეკომენდაციები უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად:
– საქართველო დაუყონებლივ მიუერთდეს ჯანმოს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის ოქმს;
– საქართველოს ძალოვანმა სტურქტურებმა მაქსიმალურად გააკონტროლონ აფხაზეთის რეგიონთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მთელი მონაკვეთი შესაბამისი ვიდეო და სატელიტური მეთვალყურეობის სისტემებით;
– ფინანსთა სამინისტრომ, ზედამხედველობის სამსახურებსა და შსს-სთან ერთად გააძლიეროს ადმინისტრირება და კორუფციასთან ბრძოლა.
ვის მივმართოთ კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში?
საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის შეზღუდვის წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეს უფლება აქვს უშუალოდ მძღოლს მოსთხოვოს მსგავსი ფაქტის აღკვეთა.
დაწესებულებებში კანონდარღვევის შემსწრე პირს შეუძლია ადმინისტრაციას მიმართოს, ხოლო მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში ან ლიფტში წესების დარღვევის შემთხვევაში – პოლიციას.
თუკი მძღოლი, ან ადმინისტრაცია ვერ შეძლებს კანონდარღვევის აღკვეთას, მოქალაქეს შეუძლია სამართალდამცველებს მიმართოს. შენობა-ნაგებობის კანონდარღვევით მოწყობის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოქალაქეს შეუძლია ფინანსთა სამინისტროს მიმართოს.
• შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია, და სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა, ტაქსისა და კატერისა) მძღოლი ჯარიმდება 500 ლარით, ხოლო, განმეორების შემთხვევაში, თანხა გაორმაგდება;
• ფიზიკური პირის მიერ სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მოწევის შეწყვეტისაკენ მოწოდების მიუხედავად, ჯარიმდება 50 ლარით, რაც, განმეორების შემთხვევაში, გაორმაგდება.
• ფიზიკური პირი მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში, ლიფტში, სხვენში, სარდაფში (ან სახლის სხვა ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა) მოწევისათვის ჯარიმდება 50 ლარით, რაც, განმეორების შემთხვევაში, გაორმაგდება.























