
ხატია სიჭინავა ის ადამიანია, რომელიც თავის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ხშირად და ინტენსიურად აფიქსირებს სოციალურ ქსელში. პირად ცხოვრებასა და კრიტიკოსებზე ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან
ამას წინათ, მომწერა ერთმა: ვაქცინას რომ არ იკეთებ, რუსეთის აგენტი ხარო. ჰოდა, გადავწყვიტე, რადგან რუსეთის აგენტი ვარ და ეს „ჩარჩო“ თუ სტიგმა მაქვს მიკრული, უფასოდ ვერ მოვემსახურები პუტინს და ამიტომ, აუცილებლად მოვთხოვ დამაფინანსოს. გასაგზავნ წერილს უკვე ვამზადებ. აბა, რუსეთის აგენტი ვიყო და თან უფასო, ეგრე სად არის? (იცინის) ამიტომ, ვთხოვ ჩემს კომპენსაციას რუსეთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს. ეს ხუმრობით, მაგრამ ძირითადად, ყველა კომენტარი უსამართლოა, თუმცა, ვერ გეტყვით, გული მტკივა ამაზე-მეთქი.
შეუმდგარი ხალხი ანთხევს შურსა და ბოღმას, მე კი მათ ვეტყვი, რომ ეს არ მოქმედებს ჩემზე – იმუნიტეტი გამოვიმუშავე ბულინგის მიმართ.
***
ჩემს ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როცა მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, მოულოდნელად დამეწყო პანიკური შეტევები.
იმდენად საშინელება იყო, ექვსი თვე ჩვეულებრივ, შეურაცხად ადამიანად გადამაქცია. არავისთან მინდოდა კონტაქტი, სულ მეგონა, ცუდად ვიყავი. ოთხმა ექიმმა გამსინჯა, ვერაფერი მიშველეს. ვერც ჩემმა ქმარმა, რომელიც ყოველდღე ლექციებს მიკითხავდა. მოკლედ, პანიკური შეტევების მიზეზი ვერ დაადგინეს, არც არსებობდა. ანალიზებიც კი გავიკეთე. ბოლოს გადავწყვიტე, არაფერი მეშველება-მეთქი, დავითრგუნე, მეგონა, ცხოვრება დასრულდა. უკვე ლოგინიდან ადგომაც აღარ მინდოდა, მეგონა, ვკვდებოდი. ჩემმა ქმარმა აღმოაჩინა ექიმი, რომელთანაც მივედი, გამომკითხა ყველაფერი და მითხრა: შენ ხარ ადამიანი, რომელსაც დეპრესია არ ემართება, ორსულობის შემდგომი დეპრესია გაქვს, ოღონდ, რადგან დეპრესიული არ ხარ, პანიკური შეტევებისკენ აიღო გეზი დეპრესიამო.
ანუ, წესით დეპრესია უნდა მქონოდა, მაგრამ ჩემს ორგანიზმში ეს არ „იდო“ და მუშავდებოდა. ამ ექიმმა გამომიყვანა მდგომარეობიდან. თუმცა, გამაფრთხილა: მოერიდე ნერვიულობას და მოერიდე სტრესს, ცხოვრებაში რაც უნდა მოხდეს, იცოდე, რომ ესეც გაივლის და ეცადე, შენს თავთან იყო ჰარმონიაშიო. ის ექვსი თვე კი, შავ ლაქად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. ამის შემდეგ მივხვდი – არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანი, კომენტარი და მოვლენა, რომელმაც შეიძლება, წყობიდან გამომიყვანოს და ვიღაცის მონაბოდვარს ჩემი ჯანმრთელობა შევწირო. ასე რომ, კიდევ ვამბობ: რაში მაინტერესებს, ვის მოსწონს ჩემი ტუჩი და ვის – არა, მე ის მაინტერესებს, რომ ჩემს შვილებს და ოჯახს ვჭირდები და ვუყვარვარ ასეთიც და ისეთიც. თავს ვერავის შევაყვარებ, როგორიც ვარ, ისეთი ვარ. ვისაც ვუყვარვარ, მეც მიყვარს, ვისაც ვძულვარ, მეც მძულს – ყველაფერი ორმხრივია. ასე ვაგრძელებ ცხოვრებას. წაიკითხეთ სრულად
ნახეთ სხვა საინტერესო ინფორმაციები ⇓























