17:57 | 2021-08-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვინ არის ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა

ვინ არის ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა

საზოგადოების ერთი ნაწილი ემხრობა მოსაზრებას: მეტი ქალი პოლიტიკაშიო, მეორე მხარე კი ქალებზე ძალადობს… ამ შავ-თეთრი რეალობის მაჩვენებელი “პრაიმტაიმის” რესპონდენტია, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” ადგილობრივი არჩევნებისთვის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა.

 

მარიამ შეროზია ძალადობის მსხვერპლი ქალია და ქალია, რომელმაც პოლიტიკური გამოწვევაც მიიღო და პოლიტიკაში წასასვლელად ემზადება… 25 წლის მარტოხელა დედამ შეძლო და თავი ძალადობრივ გარემოს დააღწია. როგორც ალბათ, ყველა ძალადობის მსხვერპლის მიღმა, მარიამის შემთხვევაშიც იყო შიში, სინანული, დუმილი, სოციუმის სირცხვილი და იმედგაცრუების განცდაც, თუმცა მან შეძლო და მკვეთრი წითელი ხაზები გაავლო მისსა და მოძალადე მეუღლეს შორის.

 

სწორედ იმიტომ, რომ მომავალი პოლიტიკოსი ქალი ძალადობის მსხვერპლია, რომელმაც შეძლო და ცხოვრება ახლიდან დაიწყო, ახალი და საინტერესო, აქტიური და ქალებისთვის სასარგებლო… სწორედ ამიტომ, ამ ძლიერ ქალთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე, რათა იცოდნენ ქალებმა, ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და გამოსავალი მათშია, მათ სიძლიერეში.

 

“25 წლის ვარ, მუსიკათმცოდნე და ჟურნალისტი. გარკვეული პერიოდი ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწეოდი, მერე უკვე მე-5 წელია საკუთარ ვოკალურ სტუდიას ვხელმძღვანელობ.

 

კენჭს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვიყრი. სტუდენტობიდან ახალგაზრდულ პროექტებში ვიყავი ჩართული. უმაღლესი რომ დავამთავრე დედაქალაქში დარჩენა არ მიფიქრია. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სოფელში დავბრუნებულიყავი და თუ რამ შემეძლო, სოფლისთვის, პირველ რიგში – ჩემი შვილისთვის გამეკეთებინა.

 

ევროპულ საქართველოსთან: 2017 წლიდან ვთანამშრომლობდი. ახლა, ადგილობრივ არჩევნებზე შემოთავაზება მივიღე – წარვედგინე საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად, რადგან პარტიაში ჩემი შესაძლებლობები, ადგილობრივების ჩემდამი დამოკიდებულება იციან და ორივე მხარემ გადავწყვიტეთ, რომ ამ სოფლებში კანდიდატი უნდა ვყოფილიყავი.

 

ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას დადებითი განწყობით შეხვდა და ისინი აქტიურად არიან ჩართულები საარჩევნო კამპანიაში. მათგან ყველაზე დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მყავს 6 წლის შვილი და იმედი მაქვს, ისიც ბოლომდე ჩემთან ერთად იქნება ამ კამპანიის განმავლობაში. მას ჩემთან ჯერ ამაზე ღიად არ უსაუბრია, მაგრამ გაგებით ეკიდება ფაქტს, რომ მოსახლეობას ის ჩემთან ერთად შეხვდება.

 

რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, ჩემი ცხოვრება იყო ის, რაც გავიარე, დეტალების დაკონკრეტებას რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, მაგრამ მინდა ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს სჯეროდეს, რომ როცა ჩათვლიან რაღაც დასრულდა, სწორედ იქვე რაღაც ახალი, საინტერესო იწყება. როცა რაღაც დასრულდა ჩემს შემთხვევაში, ფეხზე წამოვდექი და დავიწყე არანაკლებად საინტერესო ცხოვრება, მე ზუსტად ამის მაგალითი ვარ. პირველ რიგში, მე როგორც დედას დანებების უფლება არ მქონდა.

 

ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სახლის კარს არავინ შემოაღებს, თუ შიგნიდან ჩვენ არ გავაღებთ. ნებისმიერ სფეროში უამრავი წარმატებული ქალია და ჩვენში უზარმაზარი ძალაა, ყველამ უნდა ვიპოვოთ სფერო, სადაც შევძლებთ თვითრეალიზაცია მოვახდინოთ.

 

როცა მივხვდი, რომ როგორც ქალი უნდა გავძლიერებულიყავი და როცა მივხვდი, ჩემს შვილს დედას უფრო გაბრწყინებული თვალებით სჭირდებოდა, სწორედ მაშინ წითელი ხაზები გავავლე ძალადობასთან. ვფიქრობ, რომ ყველა ძლიერი ქალის უკან დიდი ტკივილი დგას, რომელმაც ისინი ფეხზე დააყენა.

 

ახლა, ვისზეც ძალადობენ და ამა თუ იმ “მიზეზის” გამო ითმენენ, მათ მინდა ვუთხრა – თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ ძალიან ბევრი ვართ… გამოხურეთ კარი და ძალადობასთან წითელი ხაზები გაავლეთ. თქვენ მარტო ის საზოგადოება არ გელოდებათ, ვინც უარგყობთ, გაკიცხავთ ან ტალახს გესვრით… ჩვენც გელოდებით – ის ქალები, ვინც ჩვენი სათქმელი უკვე ვთვლით და დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი წინ არის.

 

მეც გამოვხურე კარი, სამართლებრივად ჩემი უფლებებისთვის არ მიბრძოლია, შევეცადე და ეს პრობლემა (ოჯახური ძალადობა) ადამიანურ ჭრილში გადავჭერით. მესმის, რომ ჩვენი მენტალიტეტის გათვალისწინებით, მარტივი არ არის იყო მარტოხელა დედა და ამავე დროს, წარმატებული ქალი, მაგრამ თუ გაქვს პრეტენზია გერქვას ძლიერი, მაშინ ესეც უნდა მოაგვარო.

 

ჩემს კანდიდატად წარდგენას ჩემს კუთხეში ოვაციებით შეხვდნენ, მათ შორის – ჩემი კონკურენტებიც. ამბობდნენ, რა მაგარი გოგო ხარ, გიოს რა მაგარი დედა ჰყავსო… თუ ვინმე ჩემი ოჯახური პრობლემის გამო ჩუმად ქირქილებს მათ მინდა ვუთხრა – ჩემი ოცნება მარტოხელა დედობა არ ყოფილა, არც ერთი შვილის გაჩენაზე მიოცნებია, მაგრამ არავინ იცის, ცხოვრება ვის რას გვიმზადებს…

 

რაც შეეხება არსებულ პრობლემებს, ჩემს გარშემო საზოგადოებაში უმთავრესი პრობლემა კომუნიკაციაა. ადგილობრივმა პოლიტიკურმა ლიდერებმა არ იციან მათ ირგვლივ, მოსახლეობას რა პრობლემა აქვს, თუნდაც მორალურად რომ დაეხმარონ. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატად ამირჩიეს, პირველ რიგში – ქალების გაძლიერებაზე ვიზრუნებ, რადგან მსგავსი პროექტები აქამდეც მიკეთებია და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, ქალი, დედა ჩაგრული არ იყოს. ძლიერი დედა ჯანსაღ შვილს ზრდის, აქვს შანსი მეტი განათლება მისცეს და დაეხმაროს საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

 

გამარჯვების შემთვევაში არ ვიქნები მარიამ შეროზია საკრებულოში, ვიქნები ყველას ოჯახის წევრი და ყველას ჭირ-ვარამის გამზიარებელი“

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X