
ზურა დოიჯაშვილი დღეს 59 წლის გახდებოდა. “უკეთილშობილესი, მიმტევებელი, ძალიან თავმდაბალი, ” – ასე ახასიათებს თავის მეგობარს ზურა ხაჩიძე.
როგორც ზურა გვიყვება მათი დამეგობრება ბორჯომიდან იღებს სათავეს.
ზურა ხაჩიძე: – ზურა ბორჯომში გავიცანი, მამაჩემის ძმაკაცი იყო. მე მაშინ 15-16 წლის ვიქნებოდი. კონცერტის შემდეგ სუფრასთან დავახლოვდით. დაბადებული თბილისშია, მაგრამ სულ ამბობდა, ბორჯომელი ვარო.
მისი “მელიქიშვილის გამზირი” ძალიან მიყვარს და ზურასაც შორიდან პატივს ვცემდი. ჩვენც მალევე დავმეგობრდით.

თავისი თვისებებით გამაოგნა. ოღონდ სხვა ყოფილიყო კარგად და კომფორტულად და მის თავს არ დაეძებდა. პატარა ბავშვის გული ჰქონდა, სუფთა, მიმტევებელი, ადვილად რომ მოიგებდა კაცის გულს. მე არ ვიცი ადამიანი, ზურაზე რომ გადაბრუნებული ეთქვას. ამ თავისი თვისებების გამო, ძალიან უყვარდათ. ადამიანებთან ურთიერთობის თანდაყოლილი მადლი ჰქონდა. ერთ საათში შენი ძმაკაცი გახდებოდა. დაჯდებოდი და ყველაფერს მოუყვებოდი. მე მისი მსგავსი ძმაკაცი არ მყოლია.
კონცერტზე არ არსებობდა სიმღერების რაოდენობა დაეთვალა, ან ჰონორარზე შევაჭრებოდა და ოდესმე თავისით მოეთხოვა ჰონორარი. რასაც სთავაზობდნენ, იმას იღებდა და ორგანიზატორის გვერდით იდგა. შეთანხმებული ოთხი სიმღერის იქით ყოველთვის ამატებდა სიმღერებს. იყო შემთხვევები, ვიღაც ამოვარდებოდა კონცერტიდან, ან აგვიანდებოდა, ამ დროს, ზურა დოიჯაშვილი საათნახევრიან კონცერტს ატარებდა და ამაში დამატებით არაფერს ითხოვდა. ერთი ადამიანი არ მახსენდება, ვისაც მსგავსი რამ გაეკეთებინა.
რამდენი წელია ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ მე მისი კეთილშობილება და სიმდაბლე, სულ მაოცებდა. ზოგჯერ მეგობრულად ვუბრაზდებოდი, ასეთი მიდგომა არ შეიძლება-მეთქი.
ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ნიჭი უფლისგან ჰქონდა და ამას უანგაროდ გასცემდა.
მისი ამ თვისებების გამო იყო, რომ მას ჩვენს ქვეყანაში გაუჭირდა.
უამრავ ადგილას ვყოფილვართ ერთად. ერთხელ რომში კონცერტი გვქონდა. პაატას და ირაკლის თვითმფრინავზე დააგვიანდათ და თბილისში მათ გარეშე გამოვფრინდით. ძალიან ბევრი ვიღადავეთ, მახსოვს.
მასთან ერთად ტურნეში წასვლა დღესასწაული იყო. სასწაული იუმორი ჰქონდა. დადგმული “კარენოი” ნომრები ჰქონდა. ჰყვებოდა თავისი ცხოვრების ისტორიებს…
როდესაც კონცერტების შეკვეთა ჩვენზე იყო, კონცერტში ზურას ჩასმას სულ ვცდილობდით. მის სახელს რომ ვახსენებდით, ორგანიზატორები დიდი სიამოვნებით გვთანხმდებოდნენ.
ორ ხმაში შეეძლო სიმღერა. გამორჩეული ხმა ჰქონდა, საოცარი რეგისტრით. ამ ჩახლეჩილი ხმით მაღლაც შეეძლო აეწია ხმა და დაბალიც ემღერა.
ყველას უზომოდ უყვარდა. ნებისმიერი პროფესიის თუ სტატუსის ადამიანს. ჩემს სახლთან მეწაღე ზის. დღემდე დანანებით მეტყვის ხოლმე, ეჰ, რა ბიჭი დავკარგეთო…
ბოლოს ისრაელში, კლინიკაში რომ დააწვინეს, მაშინ ვნახე. მაშინ ასე ცუდად არ იყო… უკანასკნელად ტელეფონზე რომ ვესაუბრე, ვუთხარი, ჩამოდი, არ გენატრებით-მეთქი? და ამაზე ტირილი დაიწყო… ამის შემდეგ დარეკვას ვერიდებოდი, რადგანაც უკვე ნოსტალგიის გრძნობა და ემოციური ფონი იმდენად დიდი იყო მასში, ვინც ურეკავდა, ყველასთან საუბარში ტიროდა.
ვფიქრობ, ავადმყოფობაზე მეტად საქართველოსთან განშორებამ იმოქმედა მასზე. ის რომ სამშობლოში ყოფილიყო, ყველაფერს გადაიტანდა და გაუძლებდა. ხელს ვერც ვერავისკენ გაიშვერ. ხალხი ყოველთვის გვერდში ედგა. უყვარდათ და დიდ გრძნობასაც გამოხატავდნენ მის მიმართ.

კონცერტებიშ შემდეგ, კულისებში გაწევ-გამოწევა იყო, აბა, ყველას მოესწრო მასთან ფოტოების გადაღება. ეფერებოდნენ… ყველაზე ბოლოს გამოდიოდა კულისებიდან. სანამ კარისკაცს არ დაემშვიდობებოდა, ისე სახლში არ მიდიოდა. რესტორნიდან რომ გამოვიდოდი, რამდენჯერ შემიკითხავს უკან, რატომ არ გამოდის-მეთქი, ზურა კი იდგა, ხან ვიღაც ეფერებოდა, ხან ვიღაც არ უშვებდა და სულ ასე ესიყვარულებოდნენ.

ახლა ბიჭებთან ერთად სასაფლაოზე გავდივარ. სამწუხაროა, რომ ამ დღეს მის გარეშე პირველად ვხვდებით. მეგობრების არმია ჰყავდა.
ცოცხალი რომ ყოფილიყო, უკვე სუფრასთან ვისხდებოდით. მოლხენა უყვარდა.
თავის დაბადების დღეზეც და ისედაც, ჰქონდა ჩვევა – უცებ დედა მოენატრებოდა, დამირეკავდა, წავიდეთო, ვარდს იყიდდა და მივდიოდით სასაფლაოზე…

ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. 11 თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
























