
ბოლო დროს, მედიაში ხშირად შეხვდებით სარეკლამო სტატიებს, სადაც გვიმტკიცებენ, რომ თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმი, გახურებადი თამბაქოს პროდუქტი “აიქოსი” ნაკლებადმავნებელია და ჯანმრთელობას უმნიშვნელოდ აზიანებს. ამ არგუმენტს ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს გადაწყვეტილებით ამყარებენ, თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული ორგანიზაციის გადაწყვეტილება არასწორად გაშუქდა და სულაც არ ამტკიცებს, რომ „აიქოსი“ ნაკლებადმავნებელია.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განმარტებით, სინამდვილეში სააგენტომ არ დააკმაყოფილა „ფილიპ მორისის“ მოთხოვნა „აიქოსზე“ „ჯანმრთელობისთვის ნაკლები საფრთხის შემცველის“ სტატუსი მიენიჭებინა, რადგან გახურებად პროდუქტში შედარებით ნაკლები, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინები და კანცეროგენებია, გამონაბოლქვი კი უმძიმეს გავლენას ახდენს მწეველსა და მის გარშემომყოფებზე. ამას ადასტურებს თავად „ფილიპ მორისის“ კვლევები.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ვარაუდით, „ფილიპ მორისის“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დეზინფორმაციის მიზანი მხოლოდ ერთია – მოატყუონ საქართველოს მოსახლეობა და განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები დამოკიდებული გახადონ ნარკოტიკზე, რომელსაც ამ შემთხვევაში გახურებადი თამბაქოს სახელით გვთავაზობენ.
თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შედეგად ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ტვირთის გამო, ორი წლის წინ, საქართველომ გახურებადი თამბაქოც ჩვეულებრივი თამბაქოს ნაწარმის რეგულაციის ქვეშ მოაქცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ალიანსი მწეველებს მიმართავს და აფრთხილებს:
• მწეველებს მოვუწოდებთ, არ წამოეგონ თამბაქოს ინდუსტრიის მორიგ სატყუარას, „აიქოსს“, რომლის შექმნის მიზანია, ნიკოტინზე, როგორც უმძლავრეს ნარკოტიკზე ადამიანების დამოკიდებულების შენარჩუნება. ბაზარზე ამ ე.წ. სიკვდილის ახალი პროდუქტების შემოტანა, სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ახალი მომხმარებლების (რომელთა უმეტესი ნაწილი ბავშვები და ახალგაზრდები არიან) მახეში გაბმას.
• მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განაგრძოს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სასიცოცხლო ინტერესების დაცვა, რაც ასევე ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე გადის და გვჯერა, როგორც ადრე, არ დააკმაყოფილებენ „ფილიპ მორისის“ ლობისტის „ბიზნეს ასცოციაციის“ მიზანმიმართულ არაჰუმანურ განზრახვას, რაც შეიძლება მეტად გაყიდონ მათ მიერ შექმნილი ახალი ლეტალური იარაღი სახელად „აიქოსი“.
გავარკვიოთ, რა ზიანს აყენებს გახურებადი თამბაქოს ნაწარმი, მათ შორის ე.წ. „აიქოსი“ ადამიანის ჯანმრთელობას
გახურებადი თამბაქოს ნაწარმი გარკვეულწილად ახალი მეთოდია. ელექტრონული თამბაქოსგან განსხვავებით, გახურების გზით წვის ტექნოლოგიური მოწყობილობა არა სითხეს, არამედ თამბაქოს აცხელებს.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ წარმოდგენილ კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ თამბაქოს გახურების სისტემა, ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით, ზოგიერთ მავნე ნივთიერებას შედარებით მცირე რაოდენობით გამოყოფს.
ამასთან, ადმინისტრაციამ არ დაადასტურა, რომ სიგარეტიდან ნიკოტინის მიღების ალტერნატიულ საშუალებებზე გადასვლის შემთხვევაში, მოწევასთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. ანუ, რეალურად მწეველისა და მის გარშემომყოფთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ეს ახალი პროდუქტიც სერიოზული საფრთხეების შემქმნელია.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ დამოუკიდებელი კვლევების თანხმად, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი სასუნთქი გზებისა და არტერიებისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე – სიგარეტი.
„ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწყობილობის მიერ გამომუშავებული ბოლი ცდისპირ ვირთხებში სისხლძარღვების არტერიების მუშაობას ისევე აფერხებს, როგორც – სიგარეტის კვამლი. აღსანიშნავია, რომ ადამიანებისა და ვირთხების სისხლის მიმოქცევის სისტემა თამბაქოზე ერთნაირად რეაგირებს, ამიტომაც აღნიშნული ნეგატიური შედეგი ჩვენზეც ვრცელდება. იგივე შეიძლება ითქვას სასუნთქ გზებზეც. ფილტვის უჯრედებზე სიგარეტისა და გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ბოლის გავლენების შედარებამ აჩვენა, რომ ზიანი თითქმის იდენტური ან ოდნავ ნაკლებია, იმის მიხედვით, თუ რომელ კვლევას დავუჯერებთ. ამასთან, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი უფრო მეტ ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს, ვიდრე ამას მწარმოებელი აღიარებს. მეცნიერებმა გამოავლინეს 62 მავნე ნაერთი, მაშინ, როდესაც მწარმოებლებმა მხოლოდ 10 აღიარეს. მათ არაფერი უთქვამთ სამი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერების (დიაცეტილი, აცეტილაცეტონი, ჰიდროქსიმეთილფურფურალი) და ერთი კანცეროგენული – დიეთილჰექსილ ფტალატის შესახებ“,- ამბობს ბახტურიძე.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ თამბაქოს გახურებისას მოწყობილობის პლასტიკის ფილტრი გარკვეულ დონეზე ლღვება და გამოყოფს ფორმალდეჰიდის ციანოჰიდრინს. აღნიშნული ტოქსინი მცირე რაოდენობითაც კი საშიშია.
გახურებადი თამბაქოს ნაწარმი საშიშია არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც გარშემო იმყოფება. მკვლევრებმა მოწყობილობის ორთქლში აღმოაჩინეს ჩვეულებრივი სიგარეტის დოზის ნიკოტინის 84%-ი და სხვა ტოქსიკური ნაერთები. ამით სრულად გაცამტვერდა მითი ნაწარმის მომხმარებელთა გვერდით მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესახებ – ისინი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, პასიური მწეველების რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.
ელექტროსიგარეტისა და ვეიპის შესახებ ინფორმაცია მწეველებს უკვე დიდი ხანია აქვთ. ისინიც სიგარეტის ნაკლებად მავნე შემცვლელებად განიხილებოდა. ელექტროსიგარეტები ივსება ნიკოტინის შემცველი არომატიზებული სითხით, რომელიც გაცხელების დროს ორთქლდება. თუმცა არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ უსაფრთხო არც ელექტროსიგარეტია და მათი მავნე ზემოქმედება დროთა განმავლობაში უფრო მტკიცდება. სწორედ ამიტომ, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მავნე გავლენისგან თავის დაღწევის უალტერნატივო გზა მასზე კატეგორიული უარის თქმაა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის მიზანი. როგორც ელექტრონული, ისე გახურებადი თამბაქოს პროდუქტების შექმნისას, თამბაქოს ინდუსტრიის სამიზნე ახალი მომხმარებელი, ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდობაა. ამაზე მეტყველებს აღნიშნული სეგმენტის მისამართით ინდუსტრიის მიერ წარმოებული აგრესიული მარკეტინგული კამპანია.
რეალურად როგორ შეიძლება მოწევისგან მიღებული ზიანის შემცირება
მოწევისგან მიღებული ზიანის შემცირების საუკეთესო და ყველაზე სწორი გზა თამბაქოს ნებისმიერი სახის პროდუქტზე საბოლოოდ უარის თქმაა. ამისათვის არსებობს მოწევის შეწყვეტის ცხელი ხაზის ნომერი 116001, მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 112-ის მობილურ აპლიკაციაში არსებული რჩევებით და რეკომენდაციებით. ხოლო ოჯახის ექიმი, ან აფთიაქში არსებული სამედიცინო კაბინეტები უფასო დახმარებას აღმოგიჩენენ და შეგირჩევენ მოწევის შეწყვეტის თქვენთვის მისადაგებულ ეფექტურ მეთოდს.
























