
ლანას მთელი ცხოვრება ეგონა, რომ დედისერთა იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამზრდელი დედისგან გაიგო, რომ ნაშვილებია, დაიწყო თავისი წარსულის ძებნა და აღმოაჩინა, რომ კიდევ 5 დედმამიშვილი ჰყავს. აქედან 3 – დედით და მამით და-ძმა, 2 კი მამას მეორე ცოლთან.
ლანა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ და-ძმებიდან ერთს კატეგორიულად არ უნდა მასთან ურთიერთობა და პოლიციაში ჩივილს აპირებს, ხოლო ერთმა ძმამ არ იცის,რომ გაშვილებულია და ჯერჯერობით ამის გამო ვერ ამყარებს კონტაქტს.
– ჩვენმა ამბავმა ბევრი შოკში ჩააგდო. არაა ადვილი ეძებდე 1 ძმას და მის გარდა აღმოჩნდა კიდევ 2 და ისინიც – გაშვილებული.
22 წლისა ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა, რომ ნაშვილები ვარ. მას შემდეგ დრო გავიდა და რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, საიდუმლოს გარეშე მეცხოვრა და გამეგო, ვინ ვარ, საიდან და ა.შ. იმის გამო, რომ ჩემი შვილები გაიზარდნენ და სისხლის აღრევა არ მომხდარიყო.
დავიწყე ჯგუფით – „ვეძებ“. დავწერე სტატუსი. გამომეხმაურა დედის მოგვარე გოგო და მითხრა, რომ დამეხმარებოდა ყველაფერში. გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც გავედით ფინალში. უძილო ღამეები, ბევრი ნერვიულობა და ვიპოვე მამის ოჯახი. თავად გარდაცვლილია, მაგრამ ჰყოლია მეორე ოჯახი და იქ ჰყავს 2 ბიჭი.
ძმებმა გადასარევად მიმიღეს და საოცრად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მისვლა-მოსვლაც გვაქვს. ძმები და ჩემი შვილები გიჟდებიან ერთმანეთისთვის. მერე გავიგე, რომ მყავდა ჩემი დედ-მამის კიდევ ერთი შვილი, ალალი ძმა და მისი ძებნა დავიწყე. ისიც ვიპოვე და ამ წუთასაც ჩემთანაა. მან არც იცოდა, რომ გაშვილებული იყო. ჩემგან გაიგო და ახლა საკუთარ თავზე მეტად ვუყვარვარ. მყავს 3 ძმა და ყველამ ერთმანეთი მივიღეთ და შევიყვარეთ.
მესამე ძმის პოვნიდან გავიდა რამდენიმე კვირა და ერთი ქალი მეუბნება, დაც გყავს, თანაც მანდვე ახლოს, სადაც გათხოვილი ხარო.
დედაა, გადავირიე, სიხარულისგან. 2 დღეში ვიპოვე, მაგრამ ვერ შევხვდი. ბიძამისს ველაპარაკე, გაუხარდა, მაგრამ როცა მასთან დალაპარაკება მოვინდომე, – შემეშვი, წადი, არ დამელაპარაკოო, მითხრა.
ამის შემდეგ კიდევ გამოჩნდა ძმა. დედამისის ნომერი გავიგე და დავურეკე. გამითიშა, მერე საერთოდაც დამბლოკა.
წავედი ბორჯომში და მივაკითხე სახლში. გადაირია, კარი მოგვიჯახუნა მე და ძმას. მეორედაც წავედი, ახლა უკვე მამამისის სანახავად და იმ კაცმა არ არის თქვენი ძმაო. შეგვახვედრეთ-მეთქი, ვთხოვე და – როგორ ვუთხრა, ნაშვილები რომაა, გაგიჟდებაო. წამოვედი. მერე მემუქრებოდნენ, გიჩივლებ და ჩაგალპობ ციხეში, დაგხვრეტ შვილებიანადო. ამიტომ შევეშვი.
თუმცა, შევუთვალე – მიჩივლეთ, გელოდებით რადგან თავად აღმოჩნდებიან ციხეში და ბექაც უკეთესად გაიგებს, რა გზით იშვილეს.
ჩემი ძმა, რომელიც ახლა ჩემთანაა, იყო ჩემი ბიოლოგიური მშობლების პირველი შვილი, მერე მე, შემდეგ ბექა და ნინა.
დედა ცოცხალია, მაგრამ მასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს, ისიც კმარა, მასთან 9 თვე რომ მაკავშირებს. ქალმა 4 შვილი გააჩინა და გააშვილა. მისი ნათესავები აგვარებდნენ ამ პროცესს. აშვილებდა ფულის გამო.
ახლა, თქვენ რომ გელაპარაკებოდით, დამირეკეს ბორჯომის პოლიციიდან, – საჩივარს ვწერთ და აუცილებლად გაცნობებთო.
გადარეული ვარ ამ ქალის საქციელით.























