
„გრიპის ვირუსების ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება, თუმცა ე.წ. მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომით ჰოსპიტალიზაცია გაზრდილია 4%-ით“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წელს ჩვენთან მაინც ბ ტიპის ვირუსია გავრცელებული.
„წელს საქართველოში პრევალირებს გრიპის ბ ტიპის ვირუსი. მთლიან ცირკულაციაში მისი წილი არის თითქმის 60%, დაახლოებით 8% არის H1 , რასაც თქვენ „ღორის გრიპს“ ეძახით და 4% არის H3. საკმაოდ მაღალი პროცენტია ასევე სხვა სახის რესპირატორული ვირუსები.
რაც შეეხება კორონავირუსს, ჩვენთან ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა“,- აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, გრიპზე ვაქცინის მარაგი სახელმწიფოს აქვს და იგი ყველას, განსაკუთრებით ორსულებს, მოუწოდებს, რომ სურვილის შემთხვევაში გაიკეთონ ვაქცინა.
„დღევანდელი რიცხვით 99 000 მაღალი რისკის ადამიანი უკვე აცრილია. ჩვენ კიდევ გვაქვს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა მარაგში და მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურვილი ექნება (განსაკუთრებით ორსულებს) აიცრან“,- აღნიშნა მან.






















