17:37 | 2021-08-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რა ჯდება „გარდენიაში“ ქორწილის გადახდა – გრანდიოზული დღესასწაულების ადგილი დროებით დალუქულია

რა ჯდება „გარდენიაში“ ქორწილის გადახდა – გრანდიოზული დღესასწაულების ადგილი დროებით დალუქულია

მიუხედავად იმისა, რომ რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში აკრძალულია, ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და იუბილე, მსგავსი ღონისძიებები მაინც ეწყობა.

 

გუშინ გვიან ღამით გამართული ქორწილის გამო, ერთ – ერთი პოპულარული ადგილი „გარდენია“ დააჯარიმეს და დროებით დალუქეს. არა და ორი დღის წინ შევადნაძე სოციალურ ქსელში წერდა: „ყველანი კარგად რომ ვიქნებით და ქორწილების დრო რომ დადგება სასწოულებს დავატრუალებ!!!“

 

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა „გარდენიას“ დამფუძნებელს, ზურა შევარდნაძეს დაკავშირებოდა და კითხვაზე, აკრძალვის მიუხედავად რატომ გაიმართა ხალხმრავალი წვეულება მათ სივრცეში, მიეღო პასუხი. მის პირად ტელეფონზე მენეჯერმა გვიპასუხა, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მეპატრონესთან გასაუბრებაზეც უარი გვითხრა – ამ ეტაპზე შეუძლებელიაო.

 

სანამ „გარდენიას“ დამფუძნებელი აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს გააკეთებს, მანამდე აქ გამართული ღონისძიებების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.

 

რა ღირს ქორწილი გარდენიაში?

 

ქორწინების ორგანიზება უკვე დიდი ხანია აპრობირებული მეთოდია ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა­ – ყვავილები, გაფორმება, მოსაწვევები, რესტორანი, თაიგული, ტორტი, გახმოვანება, სპეცეფექტები…

 

ქორწილის გადახდის მსურველები, ხშირად ამ დღისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ და ქორწინების ორგანიზატორ კომპანიებს ანდობენ.

 

„გარდენია“ სწორედ ის ადგილია, სადაც როგორც ღია, ისევე დახურულ სივრცეში გრანდიოზული, ხანაც სადა და მოკრძალებული ქორწილები იმართება. ყველაფერი ბიუჯეტზე და სურვილზეა დამოკიდებული.

 

გარემო, სადაც უამრავი ყვავილია, უფრო მეტ ხიბლსა და სილამაზეს სძენს დღესასწაულს (რაც არ აკლია გარდენიას). ამ ყველაფერს თუ „გარდენიას“ დიზაინერების მიერ გაფორმებულ გარემოსა და სუფრას დავუმატებთ, ხარჯები რამდენიმე ათას ლარს „ურტყავს“. თუმცა წყვილის მიზანი, რომ მათი ქორწინების აღსანიშნავი ზეიმი ზღაპრულ დღედ იქცეს, ყოველთვის მიღწეულია.

 

იქ არც ერთი ქორწილი ერთმანეთს არ ჰგავს, წვეულებების დიზაინი და გაფორმება ინდივიდუალურად კეთდება. შესაბამისად ექსკლუზიურ გაფორმებას სულ სხვა „მუღამი“ და შესაბამისად ფასი აქვს ყველანაირი გაგებით.

 

​„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა გაერკვია რა ჯდება ქორწილი გარდენიაში? გათვალისწინებული იყო თუ არა შემოსავლებში ჯარიმის თანხა, რადგან რესტორნები აკრძალვის მიუხედავად მაინც აწყობენ ხალხმრავალ დღესასწაულებს და შესაბამისად საერთო ხარჯებში ჯარიმის თანხებსაც ითვალისწინებენ. ვინაიდან ამ კითხვებზე პასუხები პირველი პირებისგან ვერ მივიღეთ, შევეცდებით დაახლოებით მაინც შეგიქმნათ წარმოდგენა რა თანხებზეა საუბარი.

 

გრანდიოზული ქორწილი წინანდალში

 

ქორწილი, რომლის ფოტოებმაც, როგორც საქართველოს, ისევე მსოფლიოს ბევრი გამოცემის პირველი გვერდები მოიარა, 2019 წელს წინანდალში გაიმართა. მართალია ეს არ იყო „გარდენიას“ სივრცეში გამართული ზღაპრული დღესასწაული, თუმცა ყველაფერი, დიზაინი და გაფორმება ამ კომპანიის დიზაინერებს ეკუთვნოდათ.

 

მართალია ამ ქორწილის ხარჯთაღრიცხვა არსად გამოქვეყნებულა და დეტალებზე არც მის ორგანიზატორებს უსაუბრიათ, თუმცა ადვილი მისახვედრია, რომ მხოლოდ გარემოსა და სუფრის გაფორმება ნეფე – დედოფალს რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდათ. თუ ამ ყველაფერს მენიუს, დედოფლის კაბას და კიდევ ბევრი დეტალის ხარჯს დავუმატებთ, შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილად მოვნათლოთ.

 

 

მოკრძალებული მაგრამ მაინც მდიდრული ქორწილები

 

ამ ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, არც ეს წვეულება უნდა დამჯდარიყო იაფი, რადგან როგორც სუფრა, ისევე სივრცე უამრავი ცოცხალი ყვავილით არის გაფორმებული. შეიძლება ისეთი ძვირი არა, როგორც წინანდლის გრანდიოზული ქორწილი.

 

ჩაშლილი ქორწილი გარდენიაში

 

გასული წლის დაახლოებით იგივე პერიოდში, „გარდენიას“ დამფუძნებელმა ზურა შევარდნაძემ, საზოგადოებას სოციალური ქსელით ჩაშლილი ქორწილის შესახებ აუწყა. ადვილი მისახვედრია, რომ გაწეული ხარჯები, რამდენიმე ათას ლარს აღწევდა.

 

„დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვეა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჟებოდა ახლად შექმნილი, ძალიან სიმპათიური ოჯახი. საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება ოიიიი როგორ უწმაწურად იგინება. სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის. საქმეა ახლა ეს?

 

 

ვეჭვობ, შაბათის, კვირის და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ სასმელს ვიზარალებთ, შემოუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც, რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ ასე არ ვიზარალებდით. რაცაა ისაა, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა, მექორწილეც, სტუმარიც ამ წესის დამდგენიც და ჩვენც.

 

უქორწილოდ დარჩენილი, მოწყენილი წყვილი კი დღეს ფოტოგრაფთან ერთად მოვა, რომ ჩვენს ბაღში გადაღებული ფოტოები სამახსოვროდ დარჩეთ.“ – წერდა ზურა შევარდნაძე.​

 

„პრაიმტაიმი“ თვალყურს მიადევნებს როგორ განვითარდება მოვლენები „გარდენიას“ გარშემო.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X