16:32 | 2021-08-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ელჩის მკვლელობის საქმე 5 წლის შემდეგ გაიხსნა – ცოლს ქმრის მკვლელობის დაგეგმვისთვის 31 წელი მიესაჯა

ელჩის მკვლელობის საქმე 5 წლის შემდეგ გაიხსნა – ცოლს ქმრის მკვლელობის დაგეგმვისთვის 31 წელი მიესაჯა

ბრაზილიელ ქალს 31 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბრაზილიაში საბერძნეთის ყოფილი ელჩის ქმრის მკვლელობის დაგეგმვისთვის. 2016 წელს კირიაკოს ამირიდისის დანახშირებული ცხედარი რიო-დე-ჟანეიროში დამწვარი მანქანის საბარგულში აღმოაჩინეს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, მის მეუღლეს ფრანსუაზა დე სოუზა ოლივეირას ურთიერთობა პოლიციელ სერხიო გომესთან ჰქონდა. მოგვიანებით, გომესმა აღიარა, რომ ელჩის მკვლელობა მისი შეყვარებულის ბრძანებით შეასრულა და ამისთვის მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

სამდღიანი სასამართლო პროცესის დასასრულს, მოსამართლემ მათი დანაშაული შეაფასა, როგორც “ცხოველური”.

 

კიდევ ერთი მამაკაცი, ედუარდო მორეირა ტედესკი დი მელო – გომესის ნათესავი – გაამართლეს მკვლელობაში, მაგრამ უკვე ერთი წელია, რაც სასჯელს დანაშაულის დაფარვისთვის იხდის.

 

ელჩის ცოლს კი 31 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქმრის მკვლელობის დაგეგმვისთვის.

 

 

59 წლის ამირიდისი 2001-2004 წლებში რიო დე ჟანეიროში კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა და ბრაზილიაში ელჩად მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა.

 

ის ​ფრანსუაზაზე 2004 წელს დაქორწინდა, ერთი ქალიშვილი შეეძინათ.

 

გარდაცვალებამდე, ბატონი ამირიდისი ცოლ-შვილთან ქალაქ ნოვა იგუაკუში გაემგზავრა, რიოს ჩრდილოეთით, საშობაო არდადეგების გასატარებლად.

 

ამირიდისის გაუჩინარების შესახებ პირველად სწორედ მისმა ცოლმა განუცხადა პოლიციას, თითქოს ქმარმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა ბინა და მანქანით გავიდა.

 

დამწვარი მანქანა მომდევნო დღეს იპოვეს, მანქანასთან ერთად დამწვარი იყო ელჩის ცხედარიც.

 

გამომძიებლებმა სისხლის ლაქები დივანზე იმ ბინაში აღმოაჩინეს, სადაც წყვილი ცხოვრობდა. ამიტომ, გამოძიების ვერსიით, ის ჯერ სახლში მოკლეს და ამის შემდეგ ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X