
ბევრმა არ იცის, რომ თუ დაკარგული ნივთი ან ფული იპოვა, შესაძლოა, ქურდობის მუხლით გასამართლდეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობასა და საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას ითვალისწინებს.
ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე აღიძვრება ქურდობის მუხლით, თუმცა, შესაძლოა, შემდეგ გადაკვალიფიცირდეს, მაგრამ მპოვნელი სასჯელს მაინც ვერ ასცდება.
– ეს ყველაფერი არასწორად მიმაჩნია და არ ვემხრობი, მაგრამ კანონი ასეთია და ვერაფერს იზამ. მე მქონდა ასეთი შემთხვევა: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლდათ ტაქსის მძღოლი, რომელმაც კლიენტი მიიყვანა მისამართზე. იქვე იყო სკვერი, სადაც შენიშნა, რომ მერხზე იდო ტელეფონი და ანათებდა. ირგვლივ არავინ იყო. ტელეფონი აიღო და წამოიღო. აპარატი არ აღმოჩნდა დაბლოკილი, შევიდა ფეისბუქში, დაადგინა ტელეფონის პატრონის ვინაობა და რამდენჯერმე მისწერა, რომ საქმე ჰქონდა მასთან, ისიც მისწერა, რომ ტელეფონთან დაკავშირებით სურდა შეხვედრა, მაგრამ ადრესატი აიგნორებდა. გავიდა ამასობაში რამდენიმე კვირა და მპოვნელმა ტელეფონი დაალომბარდა.
გოგონას განუცხდებია პოლიციაში, ტელეფონის დაკარგვის შესახებ და პოლიციამ მას ლობარდში მიაგნო. რაღა თქმა უნდა, დაადგინეს ჩამბარებლის ვინაობა და მიადგნენ. საქმე აღიძრა ქურდობის მუხლით, მესამე ნაწილით, რომელიც 6-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი დააკავეს და ციხეში გაამწესეს.
ქურდობა გახლავთ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ანუ როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს ჰპარავს ნივთს ისე, რომ ნივთის პატრონი ვერ ხედავს, აცლის ჯიბიდან, ჩანთიდან ან მიაქვს სახლიდან. საჯარო სივრცეში სკამზე დატოვებული ტელეფონი თუ აიღე, ეს ქურდობა არ გახლავთ.
ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება ედავებოდა, რომ ის თვითნებურად დაეუფლა სხვის ნივთს, გაასაღა და სარგებელი ნახა. სასამართლომ მოუხსნა მას ქურდობის მუხლი და „თვითნებობაზე“ გადააკვალიფიცირა. მას სასამართლომ განუსაზღვრა 7 ათასი ლარი ჯარიმა, მაგრამ ვინაიდან ის სასამართლომდე 7 თვე ციხეში იჯდა, 4 ათასი ამაში ჩამოაწერა და დაუტოვა ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით.
– ახლახან მოხდა ასეთი შეთხვევა: ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა ბანკომატთან, რომ გამოეტანა თანხა თავისი ბარათით. მას ბანკომატში დახვდა 400 დოლარი, რომელიც აიღო. რამდენიმე დღეში პოლიციაში დაიბარეს. პატრონს დაუბრუნა თანხის ნახევარი და მეორე ნახევრის დაბრუნებასაც დაპირდა, მაგრამ მას უთხრეს, რომ მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და ქურდობის მუხლით გაასამართლეს. მიუსაჯეს 2 წელი პირობითი მსჯავრი.
– არც ეს ქმედება გახლავთ ქურდობა, თუმცა, დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ვთქვათ, მივედი ბანკომატთან და დამხვდა იქ თანხა, რონელიც სხვას დარჩა და ეს თანხა მივითვისე. ეს ქურდობა არ არის, რადგან მე არც კოდი ჩამიწერია, არც ბარათი მომიპარავს – ეს თანხა ბანკომატიდან მე არ გამომიტანია. მე უკვე გამოტანილს დავეუფლე. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა აიღებდა იმ თანხას, ოღონდ, ზოგი დახარჯავდა და ზოგიერთი პატრონის ძებნას დაიწყებდა. ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ეს თანხა შენი არ არის და შენს სასარგებლოდ გამოიყენებ, ეს ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ კანონში არსად წერია, როცა ნივთს იპოვი, ვალდებული ხარ, რომ განაცხადო.
ყოფილა შემთხვევა, რომ სხვისი ხელფასი ჩაურიცხავთ სულ სხვა ადამიანისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც დიდი თანხა დაჯდა თქვენს ანგარიშზე. თუ მას დახარჯავ, აუცილებლად დაისჯები ქურდობისთვის. თუმცა, ეს ქურდობა არ არის. ეს არის თვითნებობა, რადგან თვითნებურად ეუფლები სხვის ფულს. თვითნებობა ითვალისწინებს ჯარიმას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
– როგორ მოვიქცეთ, თუ ვიპოვით ნივთს ან ფულს, რომ არ დავისაჯოთ? დავტოვოთ იქვე, სადაც ვნახეთ?
– უნდა მიიტანოთ პოლიციაში და განაცხადოთ, რომ იპოვეთ. შემდეგ პოლიცია შეეცდება, მიაგნოს იმ ადამიანს, ვინც ეს დაკარგა. თუ ვერ იპოვიან, გარკვეული პერიოდის შემდეგ მპოვნელს დაუბრუნდება და მოიხმარს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.























