
„პრაიმტაიმს“ თავის მკითხველთან ყოველთის მჭიდრო კონტაქტი აქვს და როცა მოგვმართავენ თხოვნით, რომ მათთვის საინტერესო თემაზე გავაკეთოთ სტატია, ჩვენ მზად ვართ, რომ მივაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია.
ამჯერად საკმაოდ მრავლად გვეკითხებიან კოვიდ სიტუაციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მკითხველი კი სისხლის დნაციითაც დაინტერესდა. მას აწუხებს კითხვები იმასთან დაკავშირებით, შეიქმნება თუ არა პრობლემა სისხლის დონაციაში, როცა მოსახლეობის უმეტესობა აიცრება.

კოვიდგადატანილთა და ვაქცინირებულთა დონაციაზე არაერთგვაროვანი მონაცემებია საერთაშორისო პრაქტიკაში. მაგალითად, წითელი ჯვარი აცხადებს, რომ ვინც ფაიზერით აიცრა და დონორობა სურს, არ უნდა დაელოდოს რამდენიმე კვირის გასვლას და შუძლია, სისხლი დაუყოვნებლივ ჩააბაროს. თუ უცნობია ვაქცინის მწარმოებელი, მაშინ დონორობის მსურველს ურჩევენ, რომ აცრიდან ორი კვირის შემდეგ გაიღოს სისხლი დონაციისთვის.
კოვიდგადატანილებს, ვაქცინირებულებსა და ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ჯანმოც ორი კვირის ინტერვალს სთავაზობს თავის შუალედურ გაიდლაინში
ბრიტანეთი დონორებს ურჩევს, ვაქცინაციიდან მერვე დღეს გასცენ სისხლი, გართულებების შემთხვევაში კი დაიცვან 28-დღიანი პერიოდი.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა ჰემატოლოგს, პროფესორს, გენადი იოსავას:
– ბოდიში, მაგრამ ძალიან დიდი სისულელეა, რომ ვაქცინირებულ ადამიანს სისხლის გაღება არ შეუძლია. ამაზე მეტი რა გითხრათ? უკეთესიც კი იქნება, თუ აცრილი ადამიანის სისხლს გადავუსხამთ, საჭიროების შემთხვევაში. ღრმად მეცნიერული ახსნის აზრს ვერ ვხედავ, უბრალოდ, მენდეთ, რომ ნამდვილად ასეა.






















