
ელენ დეჯენერესის შოუს ქართული ანალოგის შექმნის მცდელობას, “რუსთავი 2”-ზე დღიდან მისი დაანონსებისა, დიდი რეზონანსი მოჰყვა. მაყურებელმა მსჯელობა დაიწყო, ნეტა, ვინ იქნება ქართველი ელენი, ვინ წაიყვანს ამ რეიტინგულ შოუს და ა.შ.
ქართველი ელენის ძებნა კი იოლი არ ყოფილა. შესარჩევი ქასთინგი მთელი ზაფხულის მანძილზე ტარდებოდა. ამ პოპულარული ამერიკული სატელევიზიო შოუს წამყვანის ამპლუა, ვინ აღარ მოირგო. ბევრიც ამ შოუს წამყვანობამ შეაშინა და უქასთინგოდაც უარი ათქმევინა მასზე.

“რუსთავი 2”-ის გენერალური პროდიუსერები აუჩქარებლად ეძებდნენ იმ “ერთადერთს”, რომელიც ქარიზმით, რეიტინგით და ეკრანული შარმით ყველაზე უფრო მიახლოებული იქნებოდა “იმ” ელენთან.
და დადგა დრო, რომ პირველებს გაცნოთ, თუ ვინ იქნება ამერიკული შოუს ლიცენზირებული ვერსიის წამყვანი.
შოუს წამყვანია – ანა ჩირაძე! ანას საზოგადოება “ჩიკას” როლით იცნობს სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები”. მსახიობმა ახალი გამოწვევის გამო უარი თქვა როლზე, რომელმაც ძალზედ პოპულარული გახადა. ჩიკა ჩცდ-ს დაემშვიდობა. ფაქტი არ იყო სასიამოვნო მისაღები “ფორმულა კრეატივის” გუნდისთვის, თუმცა ახალ რეალობას მოერგნენ. რა ბედი ეწევა ჩიკას პერსონაჟს, ამას ახალ სეზონში ნახავთ. ახლა კი იმას გეტყვით, რას ნახავთ “ანას შოუში”.
ახალი შოუ – “აnnა” 16 სექტემბერს იწყება და ის “რუსთავი 2”-ის ეთერში ხუთშაბათობით გავა. მას მაყურებელი “კურიერის” დასრულებისთანავე იხილავს.
შოუში დიდი ხალისობა გელოდებათ. რეიტინგულ ქართველებს ახალი კუთხით გაიცნობთ. საინტერესო ინტერვიუების გარდა, სხვადასხვა სახალისო თამაშებით წარსდგებიან. ჩვენს “სელებრითებს” მოულოდნელ ამპლუაში იხილავთ. მოკლედ, ეს შოუ დიდი რელაქსია.
როგორც აღმოჩნდა, ანა ჩირაძე ელენ დეჯენერესის შოუს დიდი ხნის მაყურებელია და მისთვის ორმაგად სასიამოვნოა ამ შოუს წამყვანობა. ახალი გამოწვევა კარგად მოირგო. არის თავდაჯერებული და ელის მაყურებლის შეფასებას…

გადაცემის შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. რაც შეეხება თავად მსახიობის პირადს. ანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი ქალიშვილი. მისი ქმარი შეფი კონსტანტინე თედელურია.
ზაფხულში ანამ აბდომინოპლასტიკა (მუცლის წინა კედლის პლასტიკა) გაიკეთა. როგორც ამბობს, ახლა თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს.
ანა ჩირაძე: – კოტეს ისედაც მოვწონდი, ვერც ვერაფერს ამჩნევდა. სულ ისე ვიცვამდი, რომ მუცელზე ჩამოკიდებული “ბუბლიკი” არ დამტყობოდა. ეს “სწორად” ჩაცმა, კი ჩემთვის დიდი წვალება იყო.

ზუსტად 15 წელია დავდივარ ექიმიდან ექიმთან. ეს ხომ ისეთი ოპერაცია არ არის, აცილებლად რომ უნდა გაიკეთო. დისკომფორტია და შენთვის არის პრობლემა. თუ არ გაიკეთებ, ჯანმრთელობასაც არაფერი ემუქრება.
ოპერაციას ოთხ საათს მიკეთდებდნენ. ჩემმა მეგობარმა, ნანიკო ხაზარაძემ ეს პროცესი გადაიღო. ეს არის ხელოვნება. ნანიკო გუგა კუზანოვზე ამბობდა, მიქელანჯელოა, სხეული გამოგიძერწაო.
შეკითხვაზე, აპირებს თუ მეორე შვილის გაჩენას, ანამ “პრაიმტაიმს” ასე უპასუხა:
ანა: – რატომ არ ვგეგმავ? ძალიანაც ვაპირებ, რომ გავაჩინო. ეს ოპერაცია ხელს არაფერში მიშლის.
























