
„მოზარდ მაყურებელთა თეატრის“ მსახიობი თაკო ცქვიტინიძე წლების წინ მაყურებელმა ტელეეკრანიდან გაიცნო – მას მუსიკალური გადაცემა მიჰყავდა. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. შემდეგ მიიღო შემოთავაზებები სხვადასხვა ტელევიზიიდან, თუმცა თაკომ ყველას უარი უთხრა და თავისი შემოქმედებითი ცხოვრება მთლიანად თეატრს მიუძღვნა. ახლა კი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ისევ გადაწყვიტა წამყვანის ამპლუის მორგება და სპექტაკლების პარალელურად, გადაცემაში – „ლაბორატორია“ – ცნობილ ადამიანებთან ერთად, საინტერესო სიუჟეტებს გვპირდება.
ემოციების ადამიანი ვარ, შევდგი თუ არა სტუდიაში ფეხი, ვიგრძენი, რომ ეს ის ადგილია, სადაც თავს კარგად ვიგრძნობ. ზოგადად, სადაც ჩემი ადგილი არ არის, განწყობა არ მოაქვს და კომფორტსაც ვერ ვგრძნობ, იქ ვერ გავჩერდები. ასე რომ, მიხარია, ეს ნამდვილად ის ადგილია, სადაც საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი (იცინის). ასაკს მნიშვნელობა არ აქვს – რამდენი წლისაც უნდა იყოს ადამიანი, ახლის სწავლა, გაგება და შემეცნება არასოდესაა გვიან.
მიხარია ახალი ადამიანების გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, ახალი საქმე და საინტერესო გარემოში მუშაობა. ასე რომ, 14 წლის შემდეგ, არ გამჭირვებია ახალ ამპლუაში გამოჩენა. თან, მსახიობი ვარ, ვდგავარ სცენაზე, იმავდროულად ვარ ჟურნალისტი, ვწერ და ვამზადებ გადაცემას, თან, სხეულის ენის სპეციალისტიც გახლავართ, რის გამოც ხშირად მიწვევნ სხვადასხვა გადაცემაში და ასე რომ, კამერის წინ ჯდომა ჩემთვის უცხო არ არის (იცინის). მართალია, სტუმრის ამპლუიდან მასპინძლის როლში გადავედი, მაგრამ შიშისა და ნერვიულობის განცდა ნამდვილად არ მქონია. მე თეატრით ვცხოვრობ და ბოლო ერთი წელია, პანდემიის გამო, თეატრალური ცხოვრება რომ შენელდა, დაპაუზდა, ამას განვიცდიდი. ძალიან მძიმე წელი იყო. მომიწია იმ პირობებთან ადაპტაცია, რასაც მიჩვეული არ ვიყავი. უცბად არანორმალური გრაფიკიდან, როცა ჭამისა და ყავის დალევის დრო არ გაქვს, სპექტაკლიდან რეპეტიციაზე გარბიხარ, რეპეტიციიდან – ჩაწერაზე, ჩაწერიდან – ფოტოსესიაზე, იქიდან – გადაღებაზე და უცებ სახლში იკეტები, სიჩუმეში ხვდები, საშინელებაა.
თუმცა, არ ვარ წუწუნა ადამიანი და ეს დრო ჟურნალისტიკას დავუთმე. საბედნიეროდ, თეატრალური ცხოვრებაც გამოცოცხლდა და სულ რამდენიმე დღის წინ სვანეთში გვქონდა პრემიერა – სანდრო ნიკოლაძის მუსიკით აწყობილი, კახა ბაკურაძის სპექტაკლი „ბეთქილი“ – ასე ჰქვია ამ სპექტაკლს. ქალღმერთის როლს ვასრულებ და ვხუმრობ ხოლმე: დედოფალი ვიყავი და ახლა ქალღმერთი გავხდი, ნელ-ნელა მაღლა, ცისკენ მივიწევ, მიწას ავცდი-მეთქი“,- ამბობს თაკო ცქვიტიშვილი „თბილისელებთან“.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























