20:17 | 2021-09-17 ავტორი: თამარ გონგაძე

“ნიკამ ჩვენს ოჯახში გივი შეცვალა. მამას ტანსაცმელს იცვამს… გივიც სულ ამბობდა, მგავსო” – მანანა ბერიკაშვილის სიძე ახალ შოუს წაიყვანს

“ნიკამ ჩვენს ოჯახში გივი შეცვალა. მამას ტანსაცმელს იცვამს… გივიც სულ ამბობდა, მგავსო” – მანანა ბერიკაშვილის სიძე ახალ შოუს წაიყვანს

“რუსთავი 2” შაბათს, 18 სექტემბერს “შაბათის საღამოს” იწყებს, “ნაითშოუს” ტიპის გასართობ ტელეპროდუქტს.

 

შოუს წამყვანი მსახიობი, ნიკოლოზ ნანიტაშვილი გახლავთ.

 

ნიკოლოზ ნანიტაშვილი

 

ნიკოლოზი მანანა ბერიკაშვილის სიძეა. შოუს პირველ სტუმრად, წამყვანმა სიდედრი მიიწვია. სიძე-სიდედრის იუმორისტულ პასაჟებს გადაცემაში ნახავთ, ასე რომ, არ გამორჩეთ ახალი შოუ.

 

ქალბატონი მამანა კი “პრაიმტაიმთან” ჰყვება იმას, რასაც შოუში ვერ იხილავთ.

 

 

უკვე შვიდი წელია, რაც ნიკოლოზ ნანიტაშვილი ბერიკაშვილების სიძეა. ანო მაისურაძე ბანკში მუშაობს, სამაგიეროდ, ოჯახის ტრადიციას სიძე აგრძელებს. წყვილს ექვსი წლის ელისაბედი ჰყავს.

 

მანანა ბერიკაშვილი: – გადაცემაში წყნარად ვიყავი. მგონია, რომ ნიჭიერი კაცია და ყველაფერი გამოუვა.

 

ნიკა მოზარდმაყურებელთა თეატრში გავიცანი. დავდგი სპექტაკლი და მთავარი როლი მას მივეცი. მართლა ნიჭიერი კაცია და ამას ვამბობ, როგორც რეჟისორი და არა, როგორც ოჯახის წევრი.

 

მანანა ბერიკაშვილი სიძესთან შოუში

 

იცით, როგორია მუშაობისას? მასთან ერთად დაზვერვაზე წახვალ. მოზარდმაყურებელთა თეატრის ამხელა კოლექტივში, ნიკა იყო ჩემი საყრდენი.

 

ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ვერ გადამაგდებენ (იცინის). ერთი შვილი მყავს. ნიკაც ჩემი შვილია. ანო უფრო მიშლის ნერვებს, ვიდრე – სიძე.

 

ნიკა ოჯახშიც საყრდენია. მან მამაჩემი შეცვალა! ამის თქმა “ღამის შოუში” დამავიწყდა. გულწრფელად ვამბობ. ნიკამ ჩვენს ოჯახში გივი შეცვალა. მამაჩემი სულ ამბობდა, მე მგავსო.

 

ანო მაისურაძე და ნიკა ნანიტაშვილი

 

გივის მსგავსად თან გადაყოლილი და თან გადამკვდარია თავის ოჯახზე. უსიტყვოდ აკეთებს საქმეს. ჩუმად შევა სამზარეულოში, მოამზადებს საჭმელს. რამდენჯერ ყოფილა, დილით შევსულვარ სამზარეულოში, ჭურჭლის დასარეცხად და დარეცხილი დამხვედრია. ასე იყო მამაჩემიც. სულ ფუსფუსებდა, ვერ გააჩერებდი.

 

როდესაც გივი გარდაიცვალა, ყველაფერი მე გადმომელოცა. მისი ფუნქციები, ამ დიდ ოჯახში, ჩემს თავზე ავიღე. ეს თავისთავად მოხდა. რაც ნიკა ჩვენი სიძეა, მან ჩამანაცვლა. აგარაკზე, წვერში, ყველაფერს აკეთებს. როგორც მამაჩემი თიბავდა, თესავდა და საქმიანობდა, ისეა ახლა ნიკაც.

 

გივის ტანსაცმელს იცვამს. აგარაკზე მუშაობის დროს, მით უმეტეს. ვეუბნები, გადააგდე, დაძველდა-მეთქი. სულ მისი სამოსი აცვია, შარვლები, პიჟამოები, ბლუზები… ერთი შორტი გადავუგდე.

 

სხვათა შორის, გივი რომ გარდაიცვალა, მისი ტანსაცმელი მეგობრებში გავაჩუქეთ. მოდიოდნენ ისეთებიც, ვინც ძალიან ახლობელი არ იყო და გვთხოვდნენ, რამე არ გაქვთ გივისიო. დღემდე აცვიათ მამას სამოსი.

 

ანო მაისურაძე

 

ანო

 

მანანა ბერიკაშვილი: – ანო ხატავდა, მღეროდა, მუსიკალური ათწლედი აქვს დამთავრებული, ვოკალის განხრით. იმედებს ვამყარებდი, თავი ლა სკალას დარბაზში, მის კონცერტზე წარმომედგინა უკვე. მაგრამ ყველაფერი მიყარა… დღეს TBC ბანკის პიარსა და მარკეტინგშია.

 

შვილიშვილი, ელისაბედი ექვსი წლისაა. მღერის, ხატავს, ბალეტზე გვინდა მიყვანა… მინდა რომელიმეს გაჰყვეს. როდესაც ნიჭი გაქვს, არ უნდა გადააგდო.

 

ანო არ იმჩნევს, მაგრამ ალბათ, წყდება გული, რომ სიმღერას არ გაჰყვა. ისე, ძლიერი ქალბატონი გახლავთ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X