13:40 | 2021-09-18 ავტორი: Prime Time

თბილისში გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებული კრიმინალური „ავტორიტეტი“ რუსეთის ციხიდან ერთი კვირის წინ გათავისუფლდა

თბილისში გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებული კრიმინალური „ავტორიტეტი“ რუსეთის ციხიდან ერთი კვირის წინ გათავისუფლდა

8-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ რუსეთის ციხიდან ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს აზერბაიჯანელი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ულფატ ტაგიევი, რომლის გვარი სხვებთან ერთად 2017 წლის სექტემბერში, თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება.

 

ტაგიევი რამდენიმე წლის წინ სტამბულში მოკლული გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, როვშან ჯანიევის უახლოესი გარემოცვის წევრი გახლდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ციხიდან უშუალოდ იყო ჩართული 2017 წელს აბანოთუბანში მომხდარ სისხლიან ვენდეტაში, რა დროსაც საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს ელშან მამედოვი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში როვშან ჯანიევის მკვლელობის უშუალო შემსრულებლად მოიაზრებენ.

 

ითქვა, რომ თბილისში მამედოვის მკვლელობა ჯანიევის გარემოცვამ დაუკვეთა, მათ შორის გაიჟღერა იმ დროისთვის რუსეთის ციხეში მყოფი ტაგიევის გვარმაც.

 

ახლა ულფატ ტაგიევი საემიგრაციო იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი და მას სავარაუდოდ, აზერბაიჯანში გააძევებენ.

 

 

ელშან მამედოვი 2017 წლის 11 სექტემბერს, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე რესტორან „მასპინძელოში“ ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა. მოულოდნელად მან ყავის დალევა შეწყვიტა, რესტორნიდან გავიდა და „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“-ის მარკის ავტომობილში (სანომრე ნიშნებით GO-360-OO) ჩაჯდა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მკვლელები ელშან მამედოვს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ. რესტორან „მასპინძელოსმიმტანებმა ორივე ქილერი ამოიცნეს და თქვეს, რომ მამაკაცები, რომლებიც მამედოვის მისამართით ისროდნენ, მანამდე მათ რესტორნაში, სამიზნის შორიახლოს იმყოფებოდნენ და ჩაის სვამდნენ.

 

მამედოვს სამი ტყვია თავის არეში ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ორი ქილერი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და როგორც გაირკვა ქვეყნის დატოვებაც ოპერატიულად მოახერხეს.

 

სისხლის სამართლის საქმეში, ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დევს ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც ისკანდეროვი და ახმედოვი საზღვრამდე მიიყვანა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამედოვის მკვლელობის ფინანსური მხარე 2016 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის ოჯახმა უზრუნველყო. კერძოდ, საუბარია როვშან ჯანიევის ცოლისძმაზე, ზაურ ახმედოვზე, რომელიც გახლავთ მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსაწარმოს, „ფუდ სიტის“ აქციონერი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X