
ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ყოველდღიურად ვადევნებთ თვალ-ყურს, ვხედავთ მომღიმრებს, კოქტეილის კაბებში, ლამაზი მაკიაჟით ან უბრალოდ პრაქტიკულ სამოსში გამოწყობილებს. ვბაძავთ ან ვაკრიტიკებთ. თუმცა, არ ვიცით, ლამაზი ვიზუალის მიღმა რამდენ ტკივილს, სევდას და პრობლემას მალავენ.
გთავაზობთ, წარმატებული ქართველი ქალების შესახებ რამდენიმე ტრაგიკულ ამბავს, რომელზეც ისინი იშვიათად საუბრობენ.
„პრაიმტაიმმა“ რამდენიმე მათგანის ისტორია შეკრიბა, რომლებიც ბევრისთვის შესაძლოა აქამდე უცნობი იყო.
დალი ჩიტალაძე

მოდის ექსპერტს, ულამაზეს დალი ჩიტალაძეს საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მას 31 წლის ძმა და რამდენიმე წლის წინ კი და გარდაეცვალა.
„როცა გყავს და-ძმა, ეს არის სიმდიდრე. დღეს დავრჩი მარტო. ორივემ შოკი მომგვარა. როცა ადამიანი ავადმყოფობს, ეგუები. ჩემს ძმას იარაღი გაუვარდა, ამერიკაში ვცხოვრობდი მაშინ. გარდაცვლილი არ მყავს ნანახი. ვერ ჩამოვედი, დაკრძალვის დღეს მითხრეს. ორი შვილი დარჩა ჩემს ძმას, ჩემმა მშობლებმა გაზარდეს. ამ მზრუნველობაში როცა ხარ, არ გცალია გლოვას მიჰყო ხელი. რაც შეეხება დიანას, ისიც იყო ჩემი შვილი. დაიძინა და არ გაიღვიძა. ეს არის ჩემი სატარებელი ჯვარი, რომელიც ვერ მომიშუშებია.
ასევე გადაცემაში „ფარული კონვერტი“ დალიმ საკმაოდ უსიამოვნო მემენტზე ისაუბრა. ის და მისი მეუღლე მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში დააპატიმრეს. თუმცა, ამაზე ვრცლად არ საუბრობს.
„მოხდა ეს უსიამოვნება. მათ ინტერესში იყო, რომ როზმანის დაეთმო ბიზნესი და შევეშინებინეთ. 1 ღამე ვიყავით საპატიმროში, მე იმაზე ვტიროდი, ჩემი კრემი შემომიტანეთ-თქო (იცინის).
ნანუკა გულუა

ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ნანუკა გულუამ მამის გარდაცვალება განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანა. ამ ტკივილზე ხშირად საუბრობს. „მამის დაკარგვის შემდეგ მგონია, ჩემი ნაწილი ამომგლიჯეს“ – ამბობს მსახიობი.
ჯანეტ ქერდიყოშვილი
როდესაც მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი გახდა, 3 დღეში მის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.
ჯანეტ ქერდიყოშვილი: კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით…
ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, – ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ “მის მსოფლიოს” კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე: გავიხსენე, თუ როგორ იკეთებდა ჩემს ლენტს, რომელზეც “მის საქართველო“ ეწერა; ამბობდა, – მე ვარ ანეტა ქერდიყოშვილი, “მის საქართველოო”. მეკითხებოდა, – ინგლისში რომ წახვალ, ტელევიზორში ხომ გნახავო? მთხოვდა, კონკურსზე წასულს ტელეეკრანიდან მისთვის ხელი დამექნია“.
ია ფარულავა

ტრაგედია იმალება ცნობილი და მუდამ ხალისიანი მსახიობის, ია ფარულავას უკან. რამდენიმე წლის წინ, მას ძმა გარდაეცვალა. დათო ფარულავა ხელოვანი იყო. ის მეგობართან ერთად სამოგზაუროდ იმყოფებოდა ინდოეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.
ია ფარულავა: პირადად მეც ცუდი ისტორია მაქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, მე დავმარცხდი ნარკოტიკებთან ბრძოლაში ჩემი ძმის მაგალითზე, რომელიც ნარკოტიკებით გარდაიცვალა. თუმცა, ჩვენ ამას არ ვმალავთ, როგორც სხვა დანარჩენი ხალხი, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით.
თიკა ფაცაცია

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია 3 წლის იყო, როდესაც მისი უფროსი ძმა 9 წლის ასაკში დაიღუპა. თიკას ძმა წყალში ბურთის ამოსატანად შევიდა და დაიხრჩო.
მანჩო გიორგობიანი

მანჩო გიორგობიანის ვაჟი 22 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა.
მანჩო გიორგობიანი: როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი, არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, მინდოდა მეტრაბახა, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე ვიღებდით სანდროს ყველა ქებას, საკმაოდ ხშირად… სულაც არ მიკვირდა.. ყველაფერი ვიცოდი შენი…
“პლანი” როდის გასინჯე და როდის მოიშორე… “კლუბურ ნარკოტიკს” როდის შეეთამაშე, ესეც მითხარი და რომ “ეს შენი არ არის”, ესეც დაგიჯერე, შენ ხომ არასდროს მატყუებდი დე… მძიმე ნარკოტიკი როდის გასინჯე, ისიც მითხარი და რომ არ შემიყოლიოს, მეშინიაო და მაგიტომაც აღარ მოგინდა ამერიკაში დაბრუნება (სახლში მოაქვთ ყველაფერი, ძნელია უარის თქმაო).. საქართველოში, თბილისში მინდა, მირჩევნია, მამაჩემთან ერთად საქმეს მივხედავო…
ეკა კახიანი

მსახიობ ეკა კახიანს ძმა 14 წლის ასაკში გარდაეცვალა. როგორც კახიანები ამბობენ, ერთადერთი ტკივილი, რაც მათ ოჯახს აწუხებს, ლადოს დაკარგვაა.























