
მეგის ქარდავა ყველა გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ქარდავას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.
„ყველა განაჩენის გასაჩივრება იგეგმება, პირველ რიგში მოხდება გეგმის შემუშავება და სტრატეგიის დაგეგმვა. ალბათ, ყველა განაჩენს გავასაჩივრებთ და გადაწყდება ყველა მიმდინარე პროცესზე მიიღებს თუ არა აქტიურად მონაწილეობას. გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ვადა დაკავებიდან – ექსტრადირებიდან ერთ თვეში აქვს.
სასჯელი დამდგარია 6 საქმეზე, პროკურატურა არეულია, საექსტრადიციო მასალებიც საინტერესო იქნება, რომელ საქმეზე მოხდა გადმოცემა, ეს მნიშვნელოვანია. პროკურატურის მხრიდან არ გასაჯაროებულა იმ საქმეების ჩამონათვალი, თუ რომელ საქმეებზე განხორციელდა მისი ექსტრადირება. ის არც ერთ ბრალს არ აღიარებს”,- განაცხადა ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, მეგის ქარდავა საქართველოში უკრაინიდან სპეცრეისით რამდენიმე დღის წინ ჩამოიყვანეს. მას ტრაპთან პენიტენციური სამსახურის ავტომობილი დახვდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მეგის ქარდავა სხვადასხვა თანამდებობაზე შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დატოვა, 2013 წლის 13 თებერვლიდან კი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.
ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:























