
დანაშაული, რომლის დეტალებზეც ვისაუბრებთ, რამდენიმე წლის წინ, თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში მოხდა. 42 წლის მთვრალი ზურაბ სუბელიანი იმ დღეს სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს, დარეჯან კუპრაძეს. ახალგაზრდა ქალს ძაღლის დასაბმელი ჯაჭვით, ჯოხითა და ხელკეტით სასტიკად სცემა, ამასაც არ დასჯერდა, შემდეგ ქალს ყური მოაჭრა. ამ ფაქტის თვითმხილველი მეზობელი, კახა პაკელიანი თურმე ცდილობდა, მოძალადისგან ეხსნა ახალგაზრდა ქალი, მაგრამ სუბელიანი პაკელიანსაც სასტიკად გაუსწორდა, ისიც ჯაჭვით სცემა, სამზარეულოს დანით მუცლისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მასაც მოაჭრა ყური. დასისხლიანებულები ძირს დაყარა, თავად კი მიიმალა.
კახა პაკელიანი მიყენებული დაზიანებებით მალე გარდაიცვალა. დანაშაული 4 საათის შემდეგ გახდა ცნობილი პოლიციისთვის. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სულზე მიუსწრო კომაში ჩავარდნილ ქალს. ის სასწრაფოდ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. კახა პაკელიანი კი სასწრაფოს მისვლისას უკვე გარდაცვლილი იყო.
დამნაშავე სუბელიანი პოლიციამ მალევე დააკავა, მან დანაშაული აღიარა, თუმცა მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა.
მოკლულის ნათესავები კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ვერსიას და ამბობდნენ, რომ გარდაცვლილს არანაირი ურთიერთობა მკვლელის ცოლთან არ ჰქონია. დარეჯან კუპრაძის თქმით კი დამნაშავე თავის მართლებას ცდილობდა და ამიტომ შეთითხნა ეს ბინძური ვერსია.
დარეჯან კუპრაძე, დაზარალებული:
– ჩემი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. ზურაბ სუბელიანზე 2008 წელს ვიქორწინე, თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მას მერე, რაც ხაიშში გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ხაიშში მისი ძმის სახლია და იქვე ვცხოვრობდით ჩვენც. იქ უსაქმურობისგან სმა დაიწყო და ძალიან აგრესიული გახდა. საკმაოდ ეჭვიანი ადამიანია და ნებისმიერ რაღაცაზე შეეძლო ეჩხუბა. უნდა ყოფილიყავი ჩუმად, თუ შეეპასუხებოდი, სასტიკად გაგისწორდებოდა. სხვა გზა არ მქონდა, ეს წლები ვიტანდი ამ ტანჯვას.
ბევრჯერ ვუცემივარ. სულ დალურჯებული დავდიოდი, მაგრამ ამ ამბავს ყველას ვუმალავდი. იმ დღეს მე და ზურიკო მარნეულში, ბაზრობაზე წავედით, თვითონ დარჩა მარნეულში, მეგობარს უნდა შეხვედროდა, მე კი შინ წამოვედი. მერე სახლში მოვიდა, 5 წუთში მოჰყვა ჩვენი მეზობელი, კახა პაკელიანი. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მშვიდი, უკონფლიქტო ადამიანი იყო, განათლებული. მოსიარულე ენციკლოპედიას ეძახდნენ. ხელში ბოთლი ეჭირა. – ეს რად გინდოდა-მეთქი? – ვკითხე. ღიმილით მითხრა, არ შემეშვა ეს ვირი და ძალით წამომიყვანა სახლშიო. თურმე ზურიკომ სთხოვა, ჩვენთან წამოსულიყვნენ, ეტყობა, დალევა უნდოდა. მაგიდას მიუსხდნენ. მალე მათ შეუერთდა კიდევ ერთი მეზობელი, ოლეგ ჭკადუა და კარგა ხანს სვამდნენ. ჭკადუა წავიდა. კახა იმდენად მთვრალი იყო, თქვა, ფეხები არ მემორჩილება და ცოტა ხანს დავრჩებიო. ზურიკომ უთხრა, – რა პრობლემააო. იმდენად სუფთა ურთიერთობა იყო, ამას ვინ წარმოიდგენდა?
ცოტა ხნით ჩემი მეუღლე გარეთ გავიდა. რომ დაბრუნდა, მაშინვე ატეხა ყვირილი, – ამას აქ რა უნდაო? ხელს იშვერდა კახასკენ. მე გამომეკიდა, ხელში ძაღლის დასაბმელი ჯაჭვი ეჭირა, ძლიერად ჩამარტყა. მერე ჯოხიც დამარტყა, წავიქეცი და აღარაფერი მახსოვს, გონება დავკარგე. ახლა რომ ვიხსენებ, ბუნდოვნად მახსოვს მეზობლების ხმა. ეტყობა პერიოდულად გონს მოვდიოდი. გათიშული წავუყვანივარ საავადმყოფოში, ყურიც მოჭრილი მქონდა. თვალი რომ გავახილე, საშინლად დასახიჩრებული და ნაწამები საავადმყოფოში ვიყავი. პოლიციელი იღებდა ფოტოებს, ყური უნდა გადავიღოო და მაშინ გავიგე, მარცხენა ყური მოჭრილი რომ მქონდა. ცხვირიც ჩამსხვრეული მქონდა და ოპერაცია გამიკეთეს. წინა კბილები არ მაქვს. ქმარი საშინლად გამისწორდა. ეტყობა მკვდარი ვეგონე, მაგრამ გადავრჩი.
მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებდა, ეს სიბინძურეა, ასე ცდილობდა თავისი არაკაცური საქციელის გამო თავის მართლებას. საშინელი წამებით მოკლა სრულიად უდანაშაულო, 5 შვილის მამა. კაცი სახლში მოიყვანა და მერე ასე გაუსწორდა. უამრავი დაზიანება ჰქონდა, კახასაც ყური მოაჭრა. მსგავსი ფაქტი მისთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ერთხელ კიკვიძის სკვერში ვიღაცას მოაგლიჯა ყური, უფრო სწორად კი მოაჭამა.
ვმალავდი, რომ ფიზიკურად ხშირად მისწორდებოდა, არ მინდოდა, სხვებს გაეგოთ ჩემი პრობლემები. ვეხვეწებოდი, დავშორდეთ ერთმანეთს-მეთქი, მაგრამ უარს ამბობდა. მართლა იმდენჯერ მცემა, მეტის ატანა აღარ შემეძლო. მითხრა, შენ იმდენი რამე იცი ჩემზე, ვერ დაგშორდები, თუ არა, აქედან მკვდარს გაგიტანენო.
გულისხმობდა იმ კანონდარღვევებს, რასაც სჩადიოდა. სულ იარაღის ქვეშ ვიყავი. იარაღითაც მაშინებდა. მას სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. ადამიანის დაჭრისთვის იყო ნასამართლევი. თავისი მოგვარე ბიჭიც დაჭრა დანით, მაგრამ არც ამ დანაშაულისთვის უგია პასუხი. ესეც მოაგვარა. სვანებს თავიანთი წესები აქვთ და ეს ამბავიც გაარჩიეს. იმ ბიჭს დააწერინეს ჩვენება, ვითომ ვიღაც უცნობმა დაჭრა. დროზე რომ მისულიყო პოლიცია, იქ უამრავ იარაღს იპოვიდნენ, მაგრამ მომხდარი 4 საათის მერე გაიგეს… წარმოიდგინეთ, ამხელა დანაშაულის შემდეგ, როცა შეიტყო, რომ ცოცხალი ვიყავი, ჩემი მოკვლა ისევ სცადა. ჩამოვიდა უნამუსოდ მარნეულში. ცდილობდა, შემოეღწია საავადმყოფოში, შესაფერის მომენტს ეძებდა, რომ როგორმე მოვეკალი. არ აწყობდა, ცოცხალი გადავრჩენილიყავი, მაგრამ იქ შემოღწევა ვერ შეძლო, რადგან პოლიცია გაძლიერებულად მიცავდა.
ახლა ძალიან ვნანობ, ასე რომ გავინადგურე ცხოვრება და ამ ფაქტებს ვმალავდი. გაუსაძლისი იყო ჩემი მდგომარეობა, 24 საათი დაძაბული ვცხოვრობდი. ერთხელ დავრეკე 112-ზე, მაგრამ ისევ გავთიშე, მაინც შემეცოდა, მიუხედავად ყველაფრისა და აი, ასე ტრაგედიით დასრულდა ჩემი მოთმინება.






















