20:18 | 2021-09-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა ლეიკემიით დაავადების გამო შეწყვიტა, გლდანელების გულის მოგება სურს

პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა ლეიკემიით დაავადების გამო შეწყვიტა, გლდანელების გულის მოგება სურს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე თვის წინ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული რაიონის წარმომადგენლად კოტე ზარნაძე დაასახელა. მერმა აღნიშნა, რომ გლდანში დაბადებულ და გაზრდილ ახალგაზრდას ნამდვილად შეუძლია ამ დიდი პასუხისმგებლობის აღება, რასაც გლდანში მცხოვრები ადამიანების წარმომადგენლის სტატუსს ახლავს თან.

 

„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ 28 წლის ყოფილ ფეხბურთელს, საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრ კოტე ზარნაძეს.

 

„დავიბადე და გავიზარდე გლდანში. ოჯახში, სადაც ვიზრდებოდი, ძალიან თბილი გარემო იყო. ვცხოვრობდი მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად. იმდენად კარგ გარემოში ვიყავი, დედისერთობა დისკომფორტს არ მიქმნიდა. ჩემმა მშობლებმაც გლდანში გაიცნეს ერთმანეთი, ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ და ერთ სკოლაში დადიოდნენ.

კოტე ბებია-ბაბუასთან ერთად

 

ვიზრდებოდი გლდანში, სადაც არანაირი გასართობი არ გვქონდა, ავტოფარეხებზე გვიწევდა სირბილი და თამაში. მიუხედავად რთული და ბნელი პერიოდისა, ცოცხალი ურთიერთობები გვქონდა, არავის კარი არ იკეტებოდა. ერთმანეთის სახლებში დავდიოდით და დრო ასე გადიოდა.

 

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის ძალიან სწრაფად იცვლებოდა. ყველაფერი ადრე ხდებოდა: ცოლის მოყვანა, შვილები, მწვერვალებზე ასვლა. 15 წლის რომ ვიყავი, ლატვიაში წამიყვანეს, უმაღლესი ლიგის გუნდში, 15-16 წლის ასაკში უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. ასევე, საქართველოს ნაკრებში, 17,19-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი. საკმაოდ კარგ, პერსპექტიულ ფეხბურთელად ვითვლებოდი. მინდოდა, რომ ამ მხრივ განვითარება მქონოდა.

 

განსაკუთრებული ჟინი მომეცა მაშინ, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა. 13 წლის ვიყავი… ფაქტობრივად, მე და დედა მარტო დავრჩით. ის სირთულეები, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, მაძლიერებდა და გარემოს მიმართ მცვლიდა. კარგია, რომ ცუდისკენ არ შეიცვალა. ამაში დიდი წვლილი ჩემს ოჯახსა და სამეგობროს მიუძღვის.

 

საქართველოს ნაკრებში რომ მოვხვდი, მაშინ დევდარიანი იყო მთავარი მწვრთნელი, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ იქ რაიმე სახის ნაცნობობა გამომეყენებინა. ბიძა ყოფილი ფეხბურთელი იყო, მერაბ თევზაძე. ერთხელ მისი მეგობარი ალექსანდრე რეხვიაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელების სანახავად ჩამოვიდა, მოიყვანა ჩემი თამაშის სანახავად და ისე მოხდა, რომ თამაშის ნახვიდან 1 კვირაში ლატვიაში აღმოვჩნდი. იქ კარგად წამივიდა საქმე, თან გუნდში ყველაზე პატარა ვიყავი. 20 წლის ასაკში ცოლი რომ მოვიყვანე. პირველი შვილი მალევე გვეყოლა, შემდეგ მეორე გოგონა შეგვეძინა“, – გვიყვება კოტე.

 

ოჯახთან ერთად

 

კარიერული წარმატებისა და პირადი სიხარულის ფონზე კოტე ზარნაძის ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო. როგორც ამბობს, კატასტროფული. ახალგაზრდა ფეხბურთელს, 2 შვილის მამას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ახლა იხსენებს, მას გამოჯანმრთელებისა და ფეხზე დადგომის იმედი არასდროს დაუკარგავს და სწორედ ამისკენ მოუწოდებს ამისკენ მათ, ვინც მის ისტორიას კითხულობს.

 

„23 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ვიყავი სპორტსმენი, ფეხბურთელი, ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ერთი შეხედვით კატასტროფული დაავადება დამემართა – ლეიკემია. სერიოზული დარტყმა იყო, მაშინ პატარა წლისაც არ გვყავდა.

 

ძალიან დიდი რწმენა მქონდა ჩემი თავის, ერთი წუთით არ ვუშვებდი, რომ ფატალური შედეგი დადგებოდა. ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იგივე მდგომარეობაში იმყოფებიან და შეუძლებლად მიაჩნიათ ფეხზე დადგომა, ვეტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია საკუთარი თავის რწმენა. იბრძოლეთ იმისთვის, რასაც სიცოცხლე ჰქვია, ყველაფერი მორევადია.

 

დაავადების უმძიმესი ფორმა მქონდა და ბევრი ადამიანი დამეხმარა. მოგეხსენებათ, მკურნალობა დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული, ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. 9 თვე თურქეთში ძალიან მძიმე ქიმიოთერაპიის კურსის ქვეშ ვიყავი. ფეხზე მალე, 1 წელში დავდექი“, – იხსენებს ზარნაძე.

 

სწორედ აქედან დაიწყო კოტე ზარნაძისა და კახი კალაძის საქმიანი, ახლო ურთიერთობა.

„საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე ტვინი სხვა მიმართულებით გადავრთე. კახა კალაძეს არ ვიცნობდი, არანაირი შეხება არ მქონია. ის მაშინ დამეხმარა, როცა ძალიან მჭირდებოდა და საერთოდ არ მიცნობდა.

 

ფეხბურთის გარდა ჩემთვის არაფერი არსებობდა და რომ გამოვედი კლინიკიდან, დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. 2017 წელს საარჩევნო კამპანია დაიწყო. ავიღე ტელეფონი და უბრალოდ სოციალურ ქსელში მივწერე: მინდა, რომ გვერდით დაგიდგე-მეთქი. მინდოდა ჩემი მადლიერება ამით გამომეხატა. მომწერა – დაგიკავშირდებიო.

 

დამირეკეს, დამიბარეს, გავისაუბრეთ, ოღონდ კახი არ მინახავს. მკითხეს რისი გაკეთება შემეძლო. ვუთხარი, რომ გლდანში დაბადებულ-გაზრდილი ვიყავი, დიდი სამეგობრო მყავდა და ვთხოვე, მოეცათ მიმართულება, რომ ვინმესთან მივსულიყავი და საკითხი გამევლო.

 

ასე არსაიდან მივედი პარტიაში. მაშინ ვინც იყო დეპუტატობის კანდიდატი, მისი პლაკატების გაკვრა მიწევდა. ძალიან აქტიურად ვიყავი პროცესში ჩართული, ალბათ კახა ამ ყველაფერს ხედავდა. როდესაც ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, კახისთან მივდიოდი და სულ ვაწუხებდი, არასდროს მოვრიდებივარ, უარიც არასდროს უთქვამს, ყველაზე მეტად ეს მომწონდა მასთან ურთიერთობისას. იყო წამალი, ოპერაცია, ხალხს ყველაფერში ეხმარებოდა. ეს იმხელა სიამოვნება იყო, დიდ სტიმულს მაძლევდა. მიხაროდა, რომ კარგი საქმეების გაკეთება შემეძლო.

 

არჩევნების შემდეგ თბილისის მერიაში, უსაფრთხოების სამსახურში მოვხვდი. შემდეგ იქვე მონიტორინგის განყოფილების უფროსად დავინიშნე, მაგრამ კახიც გრძნობდა, რომ გლდანი ჩემი სამოქმედო არეალი იყო.

 

2021 წლის დასაწყისში გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დავინიშნე. იყო კონკურსი, რამდენიმე გასაუბრება გავიარე, პროფესიული საკითხები კომისიის წინაშე. აქაც დიდი ენთუზიაზმით ვიყავი ჩაბმული, ყველა ქუჩაზე, ყველა ადამიანთან მივდიოდი.

 

ერთ დღეს მუხიანში ახალი სკვერის მშენებლობა გვქონდა დაწყებული და დეტალების გასავლელად მივდიოდი. კახიმ დამირეკა და მითხრა: მზად ხარ ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებადო? 10-წამიანი პაუზა მქონდა. ნამდვილად არ ველოდი ამას. პაუზის შემდეგ ვუთხარი, რომ მასთან ერთად ყველაფერს შევძლებდი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ასე მოვხვდი ამ ამბავში“, – ამბობს კოტე ზარნაძე.

 

მისი მეუღლე, რომელიც ასევე გლდანში გაიცნო, ქმარს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში აქტიურად ეხმარება. როგორც კოტე ამბობს, ოჯახის საქმეებიც სანდრამ იტვირთა და ამ მხრივ, დაბრკოლებებს არ უქმნის.

კოტეს დიდი გეგმები და მხარდამჭერების იმედი აქვს. ამბობს, რომ ყველა მაცხოვრებლის პრობლემა და გასაჭირი ზედმიწევნით იცით და დაუღალავად შეეცდება მათგვერდით დგომას.

 

„ჩემთვის ეს დროებითი საქმე არ არის, ეს რაიონი ჩემი სახლია და მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა და შემიძლია ბევრი კარგი რამ გავაკეთო. გლდანის რაიონის მიმართ მიდგომები არასდროს მომწონდა, აღიქვამდნენ როგორც პერიფერიას და არსებობდა სხვა პრიორიტეტული უბნები. ეს ნელ-ნელა რომ იცვლება, ძალიან მახარებს“, – ამბობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X