
როგორ ძარცვავდნენ ტურისტებს ბარის თანამშრომლები – შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თაღლითური სქემა გაშიფრეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს – თბილისში მდებარე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელ ლ.მ.-ს და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლებს, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მოჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ.
მიმდინარე წლის სექტემბერში, კაფე-ბარ „სკარპაში“, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა. გონზე მოსვლის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სამ ეტაპად – 5000-5000 ლარის ოდენობით კაფე-ბარ „სკარპას“ ანგარიშზე გადარიცხული იყო 15 000 ლარი.
კომპლექსურმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მსგავსი თაღლითური სქემა მოქმედებდა თბილისში მდებარე კლუბ „როიალშიც“. კერძოდ, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე მეგობართან ერთად ბარ „როიალში“ მიიპატიჟა ამავე ბარიდან გამოსულმა ორმა გოგონამ. მამაკაცებმა ბარში ე.წ. მენიუს საშუალებით შეუკვეთეს საკვები და სასმელი. მოგვიანებით, ბარის თანამშრომლებმა მათ რეალური შეკვეთის შეუსაბამო, დიდი თანხის – 1450 ლარის გადახდა მოსთხოვეს და იძულებით გადაახდევინეს.
ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუკ-მომხმარებლებმა სხვა, მსგავსი ქეისები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ იდენტური შემთხვევები ხშირად ხდება. (სტილი დაცულია)
„მეგობარს გაუჩალიჩეს – ტურისტს, გუშინ შევიდა სადღაც (იხ. სურათზე სახელი) ვიღაც გოგოები მიუხსდნენ, გაეპრანჭენ, შეუკვეთეს სასმელი, ეს ყველაფერი მოხდა 5-10 წუთში, ძაან სწრაფად – ეს ჯერ ისე ელაპარაკებოდა, გამარჯობას ეუბნებოდა – ისენიც ენას ითრევდნენ, გამოიყურებოდნენ მის თვალში ნორმალურ გოგოებად.

შეუკვეთეს სულ 8 ჭიქა რაღაც, მერე ამას რაღაც არ გაუსწორდა და ანგარიში მოითხოვა და მოუტანეს ეს ანგარიში (1 308 ლარი!! ) ამან რომ ამოიღო ხმა – ეგრევე იქ გაჩნდა დაცვა და გაქრნენ გოგოები ძაან დაღლილმა და გარშემო ისე ალყაშმორტყმულმა რომ გასაგები იყო – გააცურეს, შემეშინდა კიდეცო, გადაიხადა და წამოვიდა კი – ყველგან ხდება, და არა – არ ასწორებს და თვალებს რაც მეტს დავხუჭავთ – მეტი მოხდება ასე და მეტი ტურისტი დაგვიკიდებს, ხოდა რა შეიძლება გავაკეთო? – ხო მომხდარა ასეთები, არსებობს ეს ჩეკი და არსებობს საბანკო ამონაწერი თვითონ ფიქრობს, რომ გოგოები სქემის ნაწილი იყვნენ, სასმელი რასაც ის გოგოები უკეთავდნენ ძაან ბანძი იყოო და არაფერი ისეთიო (გემო გავუსინჯე რო მოქონდათო), უცებ არც მიფიქრია, რომ რამე ისეთი იქნებოდაო 8 ჭიქაში, 1300 ლარი ხოდა ან გოგოები არიან „მისახედი“, თაღლითობისთვის, ან „ზავეძენია“ კი არა – ხომ გასაგებია, რომ შეთქმულებაში არიან ორივე მომეხმარეთ სად მივდგე და ვის. პრინციპის გულისთვის, რომ არსებობს ტურისტებზე ფულის კეთება და არსებობს მერე ეს ტაქსის მძღოლმა რომ თბილისის ზღვაზე აიყვანა ტურისტი, 300 დოლარი გამოართვა და ესუაა ბათუმიო. ამათმაც რაღაც წყალი დაუსხეს და 1300 ლარი დაუწერეს“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.
გთავაზობთ კიდევ ერთ თაღლითურ შემთხვევას:
„ერთხელ ჩემს ტურისტს უთხრეს, ტერმინალი არ გვაქვს და ამბასადორში გამოგყვება დაცვის თანამშრომელი და გამოიტანე ბანკომატიდანო. თუარა „პადვალში“ ჩაგიყვანთ და სანამ ფულს არ მოატანინებ ვინმეს, არ გაგიშვებთო. თავიდან რომ მივიდა იკითხა და გვაქვს ტერმინალიო, მერე ანალოგიური სქემით გოგო, რომ დაპატიჟა უცებ გაქრა ტერმინალი.
მოკლედ, ისე მოხდა რომ მეც მომიწია მისვლა, მალე არეულობაზე უფროსი მოვიდა სქელი ოქროს “ცეპით”. მანქანა შუა გზაზე დატოვა, სანაპიროზე – პატრულიც მოვიდა და 2-3 წუთში წავიდნენ საპატრიარქოს დაცვაც მხიარულად უყურებდა “ცეპიანი” უფროსის იარაღის ტრიალს… მაგრამ ვერავინ ვერაფერი თქვა. არ მგონია პრობლემის აღმოსაფხვრელად პროკურატურაზე მიმართვას რამე აზრი ქონდეს… ბევრგან არის ეგეთი და უარესი სიტუაცია მაგრამ არავინ ხმას არ იღებს. თანამშრომლები სომხები არიან, რომლებიც ასევე შარდენზე რამდენიმე ადგილზე მუშაობენ, პარალელურად… და ხშირად ისე დასეირნობენ შარდენზე (ალბათ გოგოებს ეხმარებიან “მსხვერპლის” შერჩევაში“, – წერენ მომხმარებლები.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- ერთ-ერთი ძებნილი ოჯახს და ადვოკატს დაუკავშირდა – ახალი დეტალები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში






















