
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება მაქსიმალურად ეცდება, მომდევნო კვირიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებშიც გაიყიდოს.
„ორი კირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც დღეს არის რამდენიმე წვრილი და ასევე მსხვილი სამკერვალო წარმოება ჩართული.
ამ ეტაპზე, ჩვენ მეტნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, იმიტომ რომ დოლბანდი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში.
ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით დაწესებული.
მაგრამ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით, უზრუნველვყავით ამ ნედლეულის მოწოდება.
შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ შემდეგი კვირიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში ჩვეულებრივ გაყიდვაში.
წინასწარ მოგახსენებთ ყველას რა იქნება პირობები და ფასი. ფასი იქნება ხელმისაწვდომი, რაოდენობა ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავზრდოთ, მაგრამ მაინც არის დაკავშირებული ნედლეულის მოწოდებაზე.
შეიძლება პირველ ეტაპზე მოთხოვნა სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მიხარია, რომ სხვა წარმოებებიც ამუშავდა.
ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დეფიციტი დავამარცხოთ“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, პირბადეების გარდა სამინისტროს დახმარებით სხვადასხვა დანიშულების სამედიცინო დამცავი საშუალებებიც იკერება.
„დღეს მივდივარ ერთ- ერთ ქართულ საწარმოში, რომელიც ჩვენი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აფართოებს სამედიცინო ხალათებისა და დამცავი სკაფანდრების კერვას.
ეს არის მისაბაძი მაგალითი. ყველა ასეთ წარმოებას ვთავაზობთ ჩვენ გვერდში დგომას“,- განაცხადა თურნავამ.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















