
ჯერ კიდევ წლინახევრის გოგონას ჯანმრთელობა პოლიომიელიტის ეპიდემიამ შეურყია – ქვედა კიდურები შეეზღუდა. წარმოშობით უკრაინელი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი თვითნასწავლი მხატვარია – ჩვენი დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი მულტფილმის, “წუნა და წრუწუნასა” და კიდევ არაერთი ნახატი ფილმის გმირების შემქმნელია. მისთვის 76-წლიანი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა: კინოსტუდიამდე და კინოსტუდიიდან დღემდე. წარსულის მოგონებებით, თავისი გმირებითა და დიდი ტკივილით ცხოვრობს. მას ახლა ცხოვრებას ხანდაზმულთა პანსიონატი ულამაზებს. ყოველთვის გვერდით ჰყავს ერთგული კატა. დარდობს, ასაკის გამო თვალისჩინი დააკლდა და სულ გვერდით მიზისო… მულტიპლიკატორი განვლილ და ახლანდელ ცხოვრებაზე გვიყვება.
უკრაინული ფესვები
იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ამეკრძალა და ეს ჩემს აუხდენელ ოცნებად დარჩა… ცნობილი რეჟისორი კოლია სანიშვილი ბებიას მეზობელი იყო პეროვსკაიას ქუჩაზე. მან იცოდა, რომ ჩემი დაავადების გამო ვერ შევძელი უმაღლესი განათლების მიღება და ბებიას თხოვნით სამსახური მომიძებნა. მაშინ 19 წლის ვიყავი. ერთ დღესაც წამიყვანა კინოსტუდიაში. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი. ამიყვანეს მხატვრად. რეჟისორ კაკო ხინთიბიძეს უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა მულტიპლიკაციურ ფილმზე “წუნა და წრუწუნა”. სამუშაო რიტმი გიჟური იყო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო… ჩემი შექმნილია “ქორბუდას”, “ნახევარქათამას” და კიდევ ბევრი სხვა მულტფილმის გმირები.
მოგონებები კინოსტუდიიდან
ბევრი სიხარულიც და უბედურებაც გვინახავს და ყოველთვის ვერთიანდებოდით ერთმანეთის მხარდასაჭერად. იყო ასეთი რეჟისორი, მიშა ბახანოვი, უნიჭიერესი ადამიანი. ახალგაზრდა ავარიაში დაიღუპა. მაშინ მის პირველ ფილმზე ვმუშაობდით, თითქმის დასრულებული გვქონდა. დღემდე მწარედ მახსოვს მისი ტრაგიკული დაღუპვით გამოწვეული ტკივილი.
მყავს და, რომელსაც არ აინტერესებს ჩემი ამბავი. 34 წლის ვიყავი, სამსახურის დატოვებამ რომ მომიწია. მართალია, კინოსტუდიის დირექტორმა რემი სისორდიამ შემომთავაზა იმ გრაფიკით მუშაობა, როგორიც მინდოდა, მაგრამ ამ სიკეთით ვერ ვისარგებლებდი. ამიტომ დავემშვიდობე ჩემს უსაყვარლეს საქმეს.
“ორსულად დავრჩი, მაგრამ ბავშვი დამეღუპა”
სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მალევე გავთხოვდი. ჩემი ყოფილი მეუღლე რუსი სპორტსმენი იყო, ალექსეი გორბუნოვი. მას ბინა საქართველოში არ ჰქონდა და ჩემს ოჯახში ვცხოვრობდით. ორსულად დავრჩი, მაგრამ ბავშვი დამეღუპა. ეს კიდევ ერთი ტრაგედია იყო, რამაც გამანადგურა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი აგვიმხედრდა და მიზნად დაისახეს ჩვენი განშორება. ასეც მოხდა. ალექსეის არასოდეს უცდია კვლავ დაკავშირება, არც მე მომიძებნია. ძალიან ცუდად მოექცა ჩემი ოჯახი და ალექსეის თავმოყვარეობამ სძლია…
“თავის მოკვლა არაერთხელ ვცადე”
მერე მშობლები გარდაიცვალნენ… ჩემი და თავისთვის ცხოვრობდა, მე – ჩემთვის. გამიჭირდა სამოთახიანში მარტო ცხოვრება, გადავწყვიტე, ბინა გამეყიდა, შედარებით პატარა საცხოვრებელი მეყიდა და დარჩენილი ფულით მეცხოვრა, მაგრამ თაღლითების მსხვერპლი აღმოვჩნდი და ბინა დავკარგე, თუმცა მეზობლები ამომიდგნენ მხარში და თაღლითები იძულებული გახდნენ, ერთოთახიანი ბინა ეყიდათ. ერთი წელი ვიცხოვრე იქ.
პანსიონატი
საქველმოქმედო ორგანიზაციამ რუსთავის თავშესაფარში გადამიყვანა. იქ სამი წელი დავყავი. საშინელი პირობები იყო – მღრღნელები, კოღოები, ნესტი. სახსრების ანთება დამემართა და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ექვსი თვე იქ ვიყავი. სწორედ იქ გავიგე თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის შესახებ… ხუთი თვის შემდეგ აქ გადმოვედი. 1999 წლიდან დღემდე პანსიონატში ვარ. ძალიან კარგ ხალხში მოვხვდი. აქეთ მომავალი ვფიქრობდი, რომ ჩემს უკანასკნელ გზაზე მოვდიოდი, თუმცა უკვე 18 წელია, ცოცხალი, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. დირექტორი დარეჯან თომაძე ჩვენი ცხოვრებით ცხოვრობს. ბედნიერი ვარ, რომ ბედმა აქ ცხოვრება მარგუნა. ახლა მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს – ელექტროეტლი მინდა. ცალი ხელიც დაზიანებული მაქვს და ეტლის მართვა მიჭირს. ეს არის ჩემი ბოლო ოცნება…
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















