
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის მთავარ ამოცანად კვლავ რჩება სახელმწიფოს რყევა, დესტაბილიზაცია, და არა არჩევნების წესიერად ჩატარება.
„თემები, რომელთა წამოწევაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში გვინდოდა – რა ხდება სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, რა რეიტინგები აქვს ქვეყანას – ამ პოლიტიკურმა დივერსიამ მეორე პლანზე გადაწია. სააკაშვილის მიზანიც ეს იყო და, ასევე, საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება. რაც მთავარია, მელიამ განაცხადა, რომ არანაირ შემთხვევაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
მას კვერი დაუკრა სააკაშვილმა. ამ თემაზე დღეს მკითხა ჟურნალისტმა, მწვანე ზოლით ხომ არ გადმოვიდაო? უკვე იმაზეც მიდიან, რომ შემოვიდა ისე, როგორც ტერორისტები რამდენიმე წლის წინ ჩვენს ქვეყანაში. რეალურად, მთავარ ამოცანად რჩება სახელმწიფოს რყევა, დესტაბილიზაცია, და არა არჩევნების წესიერად ჩატარება. აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქეს მივმართავ – ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, რომლის წინააღმდეგაც გამოდის ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა. ამიტომ მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ რჩეულ პარტიას“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























