
„ექსპრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება“,- ამ სათაურით Reuters-ი დღევანდელ არჩევნებს ეხმაურება.
გამოცემა წერს, რომ ადგილობრივმა არჩევნებმა, შესაძლოა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო გაამძაფროს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა თავიდანვე აფრთხილებდა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებდნენ და პრეზიდენტი მას არ შეიწყალებდა.
„რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, ამ არჩევნებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა“,- წერს გამოცემა.
სააგენტო წერს, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ და დაკავებამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შექმნა.
„ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღნიშნული იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა დაენიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი ის შაბათის ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა. ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ამ ზღვარზე ნაკლები, 36%-ია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არჩევნებმა შეიძლება გამოიწვიოს საპროტესტო ტალღა, თუ მმართველი პარტია ვერ მიაღწევს შეთანხმებაში მითითებულ ბარიერს და უარს იტყვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე,“- აღნიშნულია Reuters-ის ინფორმაციაში.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















