
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. 1-ელ ოქტომბერს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერდა მიხეილ სააკაშვილი.
მოგვიანებით სააკაშვილმა ბათუმიდან ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
თავდაპირველად მმართველ პარტიაში ამბობდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და უკრაინაში იმყოფებოდა. საღამოს კი იგი თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი ციხეში სახალხო დამცველმაც მოინახულა. ექსპრეზიდენტი ამ დროისთვის შიმშილობას აცხადებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ პირველ წერილს ავრცელებს. წერილში მიხეილ სააკაშვილი ყველას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. წერილს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია ავრცელებს.
„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომელიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამოუტანეს, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის.
ძალიან მინდა, გთხოვოთ, ხვალ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.
ასევე ნახეთ: მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები
ჩემი თავისუფლება და, რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება, მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია.
მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი,”-წერს მიხეილ სააკაშვილი.























