
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს.
ანზორ მელია „პრაიმტაიმს“ არჩევნების პირველადი შედეგებისგან გამოწვეულ ემოციებს უზიარებს:
„მე ემოციები მქონდა გაყალბებაზე, ყველა საარჩევნო ოლქთან იდგნენ და ფულს არიგებდნენ. ახალი კაცი ვარ პოლიტიკაში და ამხელა შედეგს რომ აიღებ, ეს სიყვარულის შედეგია. ხალხს ვუყვარვარ, ეს ჩემთვის ყველაფერია.
ხალხის სიყვარული სიკეთის კეთებით დავიმსახურე, არავითარი ბოროტება ჩემთან და ჩემს ოჯახში არ არის. მადლობა ზუგდიდელებს, ასე რომ მომაგეს პატივი, არ უნდა მოვმკვდარიყავი, ეს რომ არ მენახა, უბედნიერესი ადამიანი ვარ.
მე ყოველთვის ვიმარჯვებ, არასოდეს დამარცხებული არ ვყოფილვარ. მე ვიქნები ყველას მერი, ეს იქნება ქოცი, ნაცი, თუ სხვა. მე ვიქნები ყველა ზუგდიდელის ოჯახის მეგობარი მერი. მე ჩემს ხელს დავატყობ პირველსავე წელს ზუგდიდს, ამ ულამაზეს ქალაქსა და ამ ულამაზეს ხალხს“,- გვითხრა ანზორ მელიამ.
ცესკო-ს ინფორმაციით, ზუგდიდში სულ 109 უბნიდან, დათვლილია 46 უბანი. შედეგები პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ანზორ მელია – 48.17 %;
„ქართული ოცნება“ – მამუკა წოწერია – 40.01%.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები























