
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი ეხმაურება.
როგორც თამაზ მოლაშვილი ამბობს, სააკაშვილს რომ სცოდნოდა, რომ მას ციხეში ისე მოექცეოდნენ, როგორც მის შვილს, დაკავების დროს გაღიმებული სახე არ ექნებოდა.
„როდესაც ტელევიზორში ვნახე, რომ სააკაშვილი საპატიმროში შეჰყვათ, მისთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ ციხეში რომ შეხვალ როგორც სულხან მოლაშვილს ზურგზე სიგარეტის ნამწვავს მიადებდნენ, როგორ ხასიათზე შევიდოდა ციხეში, ისევ ღიმილით?
როდესაც სულხან მოლაშვილს აწამებდნენ სასტიკად ფეხებზე, ზურგზე, სურათებს იღებდნენ და სააკაშვილთან მიჰქონდათ. მე მომდიოდა ეს ამბები. მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი, რომ იქნებ როგორმე იარაღი მქონოდა მაგრამ ვერ ვეღირსე“,- ამბობს სულხან მოლაშვილის მამა.
საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ღვიძლის დაავადების გამო მკურნალობდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში. 2004 წლის აპრილში სულხან მოლაშვილი დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, ხოლო 2005 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2004 წელს მოლაშვილმა მისი წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტზე მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც 2014 წელს დაადასტურა, რომ მოლაშვილი მართლაც იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა საქმის გამოძიება და მოლაშვილისთვის, მორალური კომპენსაციის სახით, 20 ათასი ევროს გადახდა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის თბილისში პირველ ოქტომბრს დააკავეს.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები























