
რა გზით გათავისუფლდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან – საქართვლოში სააკაშვილის უახლოეს მომავალში გათავისუფლება შეწყალებითა და ამნისტიით არის შესაძლებელი.
თუმცა იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ციხიდან გამოშვებაზე უარს ამბობს, განიხილება ვერსია, რომ სააკაშვილი იმ ქვეყანას გადაეცეს, რომლის მოქალაქეც ის თავად არის.
ასეთ შემთვევაში, არსებობს ორი გზა – სააკაშვილმა სასჯელი უკრაინაში მოიხადოს ან უკრაინის პრეზიდენტის შეწყალების გზით, ის ციხიდან გათავისუფლდეს.
როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინისთვის სააკაშვილის გადაცემა უკვე მოითხოვა და ბუნებრივია, რომ ზელენსკი ექსპრეზიდენტს, რომელსაც საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია, საპატიმროში არ დატოვებს და შეწყალებით აქტით გაათავისუფლებს.
„ზელენსკის შეუძლია, სააკაშვილი შეწყალებით გაათავისუფლოს. იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკიმ სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით, საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა, ამ სცენარის განვითარება ნამდვილად მოსალოდნელია, ეს მისთვის პრინციპული საკითხია.
არ მგონია, საქართველოს ხელისუფლება იყოს მზად იმისთვის, რომ უკრაინასთან იმ დონეზე დაძაბოს ურთიერთობა, რომ მასთან პარტნიორობა საერთოდ გაწყვიტოს. ამით საქართველო მის ევროპულ ინტეგრაციას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ ჯაჭვის გაწყვეტისთვის საქართველოს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, მოსალოდნელია სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა და იქ მისი შეწყალება, ამ საკითხზე სააკაშვილის პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი“, – გვითხრა ალაფიშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა:
“მე მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება”,- განაცხადა ზელენსკიმ.
ვალერი გელაშვილის ცემის საქმე ერთ-ერთი დანაშაულია, რომლის გამოც, სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასამართლდა და სასჯელის სახით, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზეა მსჯავრდებული.
ამ დღეების განმავლობაში განიხილებოდა ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეეწყალებინა, თუმცა აღნიშნული ზურაბიშვილმა საბოლოოდ გამორიცხა.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















