
ბათუმის აგრარული ბაზარი დაიხურა. მოვაჭრეების თქმით, როცა ისინი დილით სამუშაოდ მივიდნენ, მათ მიიღეს გააფრთხილება, რომ ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. მათივე განმარტებით, ეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით ხდება.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ბაზარი საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და რეკომენდაციით დაიხურა. ბაზარი დახურული იქნება, მანამ ვიდრე საბჭო გახსნის შესახებ რეკომენდაციას არ გასცემს.
„სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა აგრარული ბაზარი დახურულიყო. მათ შორის ბათუმის ტერიტორიაზეც. არსებულ ყველა აგრარულ ბაზარს დროებით შეუჩერდა ფუნქცია–მოვალეობები. როგორც კი საბჭო გადაწყვეტს, რომ ნებადართული იქნება აღნიშნული ბაზრების მუშაობა, მივცემთ მოვაჭრეებს უფლებას, რომ გააგრძელონ მათი საქმიანობა.
ჯერჯერობით არ ვიცით, როდემდე იქნება ბაზრები დახურულ მდგომარეობაში. საბითუმო ბაზრები, ჯერ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ქალაქის ტერიტორიაზე მაღაზიები ხილ–ბოსტნეულით მომარაგდეს. მოქალაქეები კი, ვინც კილოგრამებით ყიდულობენ პროდუქტს მაღაზიებში შეიძენენ“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















