22:31 | 2021-10-07 ავტორი: Prime Time

არცერთი თანამდებობა არ მიღირს იმად, რომ შემდეგ ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურო – გაიცანით მძიმე სენთან გამარჯვებული პოლიტიკოსი, რომელმაც გლდანელების გული მოიგო

არცერთი თანამდებობა არ მიღირს იმად, რომ შემდეგ ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურო – გაიცანით მძიმე სენთან გამარჯვებული პოლიტიკოსი, რომელმაც გლდანელების გული მოიგო

თბილისის საკრებულოს არჩევნებში, 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9 ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოიგეს. მმართველი პარტიის ფავორიტებმა მაჟორიტარებისთვის განკუთვნილი 40%-იანი ბარიერი გადალახეს.

 

სწორედ ერთ-ერთი მათგანია კონსტანტინე ზარნაძე, რომელმაც გლდანი 42.24%-ით მოიგო.

 

 

„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ, ახალგაზრდა პოლიტიკოსს, რომლის კარიერაც ფეხბურთით იწყება. გაიცნობთ უმშვენიერეს ოჯახს და მოგიყვებათ მძიმე სენზე, რომელიც კონსტანტინემ დაამარცხა.

 

ფეხბურთი ადრეული ასაკიდან: 

 

„ვიყავი 6 წლის, როდესაც მამაჩემმა ფეხბურთზე მიმიყვანა. მოვხვდი დინამოს აკადემიაში. მოკლედ საკმაოდ კარგად მიდიოდა ჩემი საფეხბურთო კარიერა, შემდეგ იყო ლატვია, ვარშავა…

 

ძალიან ადრეულ ასაკში ცოლი მოვიყვანე, 20 წლის ასაკში უკვე შვილი გვყავდა. შემდეგ უკვე ჩემი ცხოვრების გზა რადიკალურად შეიცვალა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. დილას გავიღვიძე თავბრუ დამეხვა და წონასწორობა დავკარგე, ჩემი მეუღლეც ცუდად გახდა, სიცხე ჰქონდა და ორივე ერთად გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, ანალიზები აგვიღეს და ჩემთან ექიმები ყოველ 2 წუთში ერთხელ შემოდიოდნენ, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და მიმალავდნენ…

 

აღმოჩნდა, რომ ლეიკემიის ერთ-ერთი ფორმა დამიდგინდა, რომელიც ძალიან მშვიდად მივიღე. წავედი თურქეთში, იქ ვიმკურნალე. ამ პერიოდს, ყოველთვის კარგად ვიხსენებ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან გამაძლიერა შინაგანად. ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებ, რომ არცერთი წუთით არ დაუშვან თავიანთ თავში ის, რომ რაღაც ცუდად დამთავრდება. 9 თვიანი ქიმიოთერაპიის შემდეგ დავამარცხე ლეიკემია.

 

მეუღლე ძალიან მედგა გვერდში, ამ ამბავმა უფრო შეგვკრა და ამის მერე უკვე როდესაც ცხოვრების ერთი ეტაპი დამთავრდა, მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო.

 

2017 წლიდან კახი კალაძის გუნდში ვარ. მაშინ არანაირი თანამდებობა არ მეკავა. კახი ძალიან დამეხმარა იმ პერიოდში, როდესაც ცუდად ვიყავი. მინდოდა ჩემი მადლიერება ამით გამომეხატა. მომწერა – დაგიკავშირდებიო.

 

დამირეკეს, დამიბარეს, გავისაუბრეთ, ოღონდ კახი არ მინახავს. მკითხეს რისი გაკეთება შემეძლო. ძალიან აქტიურად ვიყავი პროცესში ჩართული, ალბათ კახა ამ ყველაფერს ხედავდა. არჩევნების შემდეგ თბილისის მერიაში, უსაფრთხოების სამსახურში მოვხვდი. შემდეგ იქვე მონიტორინგის განყოფილების უფროსად დავინიშნე.

 

2021 წლის დასაწყისში გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დავინიშნე. იყო კონკურსი, რამდენიმე გასაუბრება გავიარე, პროფესიული საკითხები კომისიის წინაშე.

 

ერთ დღეს კახიმ დამირეკა და მითხრა: მზად ხარ ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებადო? 10-წამიანი პაუზა მქონდა. ნამდვილად არ ველოდი ამას. პაუზის შემდეგ ვუთხარი, რომ მასთან ერთად ყველაფერს შევძლებდი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ასე მოვხვდი ამ ამბავში“, – ამბობს კოტე ზარნაძე.

 

 

რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

 

– ერთადერთი რასაც ვცდილობდი ჩემი მთავარი მიზანი იყო, არ მომეტყუებინა მოსახლეობა. ვეუბნებოდი, რომ თითოეული თქვენი პრობლემა იქნება ჩემი პრობლემა. ვეუბნებოდი იმას, რომ არცერთი თანამდებობა არ მიღირს იმად, რომ შემდეგ ადამიანებს თვალებში ვერ ვუყურო.

 

 

მე ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი იარაღი არის გულწრფელობა და გლდანის მოსახლეობის იმედებს გავამართლებ.

 

მეუღლე და ოჯახი: 

 

 

 

კონსტანტინე ზარნაძეს უმშვენიერესი ოჯახი ჰყავს, მეუღლე სანდრა ხორგუაშვილი და ორი შვილი, ბარბარე და მარიამ ზარნაძეები.

 

 

„პრაიმტაიმს“ სანდრა უყვება, რომ კოტე ძალიან მზრუნველი, ერთგული და ჰუმანური ადამიანია. მას სჯერა, რომ ამ გამოწვევას მეუღლე თავს კარგად გაართმევს.

 

„ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად, როდესაც კოტეს ლეიკემიის ერთ-ერთი ფორმა დაუდგინეს, თუმცა ამ გამოწვევას ორივე ძალიან მშვიდად შევხვდით. ტირილითაც კი ვერ ვტიროდი, რადგან ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მალევე თურქეთში გაემგზავრა დედასთან ერთად. მე ვერ გავყევი, რადგან პატარა 1 წლის გვყავდა და ეს უფრო რთული იყო.

 

როგორ დაახასიათებთ მეუღლეს?

 

კოტე ძალიან კარგი ადამიანია, არმინდა მიკერძოებულად გამომივიდეს, თუმცა გეტყვით, რომ ის ძალიან მზრუნველია, კარგი მეგობარია, სხვანაირი ადამიანია და ვთვლი, რომ ხალხთან ძალიან თბილი იქნება, ვფიქრობ იმაზე თბილი ვიდრე ოჯახთანაა.

 

 

ავტორი: Prime Time

X