
სრულიად ქართული საზოგადოების ყურადღება ბათუმში დატრიალებული უბედური შემთხვევისკენ არის მიმართული. უკვე რამდენიმე საათია, სამშველო სამსახური, შვიდსართულიანი სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებს.
უბედურ შემთხვევას გადარჩენილები, თავს სტაბილურად გრძნობენ. თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამჟამინდელი მონაცემებით, ნანგრევებში თხუთმეტამდე ადამიანია მოყოლილი.
სამწუხაროდ, არის მსხვერპლი…
ბათუმში მცხოვრები მსახიობი ზურაბ ციცქილაძე, “პრაიმტაიმს”, შემთხვევის ადგილზე გაგებულ ინფორმაციას აწვდის.
ზურაბ ცინცქილაძე: – ვიყავი ამ საშინელი შემთხვევის ადგილას. გადაკეტილია, მუშაობენ და ხალხს ახლოს არ უშვებენ. მიმდებარე ორი სამი ქუჩა გადაკეტილია, ბევრი ხალხია გარშემო. საშინელებაა, ტრაგედიაა.
ქალი იჯდა მანქანაში, რომლის ქმარ-შვილიც ნანგრევებში არის მოყოლილი. ხალხი ჰყავდა გარშემო, ცუდად იყო.
ნელ-ნელა მუშაობენ, უცებ არ შეიძლება, რომ არ ჩაინგრეს და არ ჩაიმარხონ. ხმები ისმის.
ეს ტრაგედია ვიღაცების თვითნებობის გამო დატრიალდა. რა უთავბოლობაა, ვისაც როგორ უნდა, შეიძლება ისე მიაშენოს? ეზოში ტრაქტორი მუშაობდაო. ლიფტი გარედან მიუშენებიათ. მერიის წარმომადგენელი ამბობს, ლიფტი გარედან იყო და მისი ბრალი არ იყოო.
ფიზიკაში კარგი ნიშანი მქონდა და სწორედ გარედან მიდგმული ლიფტი იწვევს სახლის ვიბრაციას წლების განმავლობაში. ლიფტებს სახლში იმიტომ ათავსებენ, რომ ვიბრაცია არ გამოიწვიოს.
შედეგზე არავინ ფიქრობს. ამათ ჰგონიათ, სახლი ჰაერშია ჩამოკიდული. ძირს რომ გამოუთხრი და დაიშლება, არ იციან.























