
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ბოლო ინფორმაციით, სპეციალური სამაშველო სამსახური შენობის ნანგრევებიდან დედისა და შვილის ამოყვანას ცდილობს. ადგილზე მიტანილია სპეციალური აღჭურვილობა რათა ამოყვანის შემდეგ პირები სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ.
მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთი პირი აცხადებს რომ ამ დროისთვის მისი ოჯახის წევრების ამოყვანას ცდილობენ, ნანგრევებში მისი ოჯახის ოთხი წევრია მოყოლილი.
“ჩემი ოჯახის წევრები არიან, ოთხივე ცოცხლები არიანო და არ ვიცი დანარჩენი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს- მეუღლე, ორი შვილი და ძმა არის ნანგრევებში მოყოლილი”,- აცხადებს ადგილობრივი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.
მსგავსი ⇓























