
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი, ზვიად თავდგირიძე ცოცხალი ამოიყვანეს. მის ამოყვანას, ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით შეხვდნენ. კაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა. 36 წლის კაცი ნანგრევებში დაახლოებით 11 საათი იმყოფებოდა.
როგორც ნანგრევებიდან ამოყვანამდე მისი და მედიასთან საუბრის დროს აცხადებდა, 36 წლის პირმა მაშველებთან კომუნიკაცია დაამყარა და ამით შეძლეს მისი დაახლოებითი ლოკაციის პოვნა, მისივე თქმით კაცი კედლებს შორის იყო მოყოლილი და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი დღე დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვის ამოყვანა მალევე შეძლეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის შენობიდანა ასევე ამოყვანილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ადგილზე 300-მდე მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სამაშველო სამუშაოებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, კორპუსის ნანგრევებში 15-მდე პირს ეძებენ.






















