00:41 | 2021-10-09 ავტორი: Prime Time

როგორია ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის კაცის, ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “მედცენტრის” დირექტორი ავრცელებს.

 

მედეა ქაჯაიას თქმით, კაცს აქვს მრავლობითი დაზიანებები და ტრავმული შოკი.

 

“პაციენტის მდგომარეობა ამ მომენტისთვის ფასდება როგორც მძიმე, პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, მისი დიაგნოზია – პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, გულმკერდისა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭ-წვივის არეში მოტეხილობა, ასევე აღენიშნება სხეულზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უკვე გადაყვანილია”, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

 

კაცი ნანგრევებში დაახლოებით 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, როგორც მედიასთან საუბრისას მისი და აცხადებდა, 36 წლის ზვიად თავდგირიძე კედლებს შორის იყო მოყოლილი და ვერ ახერხებდა გადაადგილებას. მასთან კონტაქტი მაშველებმა მანამდე დაამყარეს, ვიდრე ნანგრევებიდან მის ამოყვანას შეძლებდნენ.

 

შეგახსენებთ, ცოტახნის წინ ჩამონგრეული შენობიდან ასევე ამოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

 

როგორც მედიასთან საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ნაპოვნია სავარაუდოდ გარდაცვლილი პირის ცხედარი, თუმცა ამ დროისთვის ფაქტის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ელოდება.

 

ადგილზე 300-მდე მეხანძრე-მაშველი უწყვეტს რეჟიმში განაგრძობს სამაშველო სამუშაოებს.

ავტორი: Prime Time

X