15:05 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

გორელ მამაკაცს კორონავირუსი სომხეთში დაუდგინდა

გორელ მამაკაცს კორონავირუსი სომხეთში დაუდგინდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი მამაკაცი გორის რაიონის მაცხოვრებელია. ინფიცირებული 53 წლისაა, იგი სატვირთოს მძღოლია და ვირუსული ინფექცია Covid 19 ტვირთის გადაზიდვისას, სოხეთში დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია სად მოხდა პაციენტის ინფიცირება – საქართველოში თუ სომხეთში.

 

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. პაციენტი ამჟამად სომხეთის ერთ-ერთი კლინიკის სტაციონარშია მოთავსებული.

 

,,აღნიშნული პირი, საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა სომხეთის საზღვარზე შესვლისას, გადაიყვანეს კლინიკაში სადაც ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად მამაკაცი მოთავსებულია სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში სადაც მკურნალობა უტარდება.

 

აღნიშნული პირი სომხეთში მანამდეც იმყოფებოდა, შესაბამისად ამ ეტაპზე რთულია იმის დაზუსტებით თქმა, სად მოხდა მისი ინფიცირება. დადგენილია კონტაქტში მყოფთა წრე და ყველა მათგანი – ოჯახის წევრებიც და კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ინფიცირებულის შვილს ტესტი ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითია, ახლა ექიმები სატვირთოს მძღოლის მეუღლის ტესტის პასუხს ელოდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X