
ლამარა აბჟანდაძე ახლახან 92 წლის გახდა. მათემატიკოსი ბლოგერი ამ ასაკში მხნეობით, არაჩვეულებრივი მეხსიერებითა და შრომისუნარიანობით გამოირჩევა. პოსტავს აქტუალურ თემებზე, იწვევენ თოქშოუებში, თანამედროვედ მოაზროვნეა, უვლის ყვავილებს, გამოჰყავს ამოცანები…
“პრაიმტაიმის” შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ასე თავი ღრმა მოხუცებულობამდე, ღვაწლმოსილმა მათემატიკოსმა გვიპასუხა.
ლამარა აბჟანდაძე: – გონება ავარჯიშეთ და თავს ასაკობრივი ბარიერი არ დაუწესოთ. მე ამოცანები და მაგალითები გამომყავს. წიგნები სულ გადაშლილი მაქვს.
თუ თავს ასაკობრივ ბარიერს დაუწესებთ და იტყვით, რომ მაგალითად, 70 წლის მოხუცი ხართ, თქვენი სხეული სიბერისთვის განეწყობა და გამოიფიტებით. მე ასი წლისაც არ ჩავთვლი, რომ მოვხუცდი. და კიდეც, უკვე 50 წელია საღამოს 6 საათის შემდეგ არ მიჭამია. ვცდილობ, საღამოს სტუმრად არავისთან მივიდე, რომ შემდეგ სუფრასთან, უჭმელად მჯდომმა, დიასახლისი არ გავანაწყენო. საერთოდაც, ძალიან ცოტას გეახლებით, ჩიტივით იკენკებიო, ოჯახის წევრები მეუბნებიან…

ქალბატონი ლამარა დღეს სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
ლამარა აბჟანდაძე: – სულ მეკითხებიან, რამ გაგაძლებინა ამდენი წელი ასე ჯანმრთელიო. ამ კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ, წინასწარ მოვიყვან ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის, ქეთევან (ქეთუსია) კვინიკაძის კომენტარს, რომელიც მე მომიძღვნა.
“ლამარა მასწ. ჟოლოსფერი, იისფერი ტონები გიყვართ, ხომ? მახსოვს, იისფერი გეცვათ, ეს ისე მიდგას თვალწინ, დაფასთან როგორ დგახართ და როგორაა ყველაზე დაუმორჩილებელი მოსწავლეებისაგან შემდგარი ჯგუფი გატრუნული.
სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდით ეს კაფანდარა ქალბატონი, თქვენი საოცარი სიმკაცრით, გასუსულებს გვესმინა თქვენთვის.”
მე მგონი, ამ სიტყვების შემდეგ ეჭვი არავის შეეპარება, რომ მე გამაძლებინა ბაშვების სიყვარულმა, შრომამ მათი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის. ასეთი კომენტარები უამრავი მომდის. მადლობა ყველა ჩემ საყვარელ მოსწავლეს!























