
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ გუშინ ღამე, ორთაჭალაში მის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დოლიძე მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, თუმცა “პრაიმტაიმმა” გაარკვია, რომ ინციდენტი ყოფით დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა.
ირკვევა, რომ ანა დოლიძის მძღოლმა ჟანი კალანდაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილი მოქალაქე ავთანდილ ხერხეულიძის ავტოფარეხის წინ გააჩერა და პირად საქმეებზე გავიდა.
სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა კონფლიქტი, კერძოდ ავთანდილ ხერხეულიძემ, თანმხლებ პირთან ერთად ჯერ მის ფარეხთან გაჩერებული ავტომობილი დააზიანა, შემდეგ კი მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის: ავთანდილ ხერხეულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის ძმისშვილია.























