
დღეს, კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწეც იყო. 48 წლის დავით მუქერია ვირუსს დაახლოებით, ერთი თვე ებრძოდა.პირველად ის “ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კოვიდ განყოფილებაში მეუღლესთან ერთად მკურნალობდა, შემდეგ – ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში.
ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, დავით მუქერია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 20 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლიდან მუშაობდა. დავით მუქერიას სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
“20 ოქტომბრის დილა სამტრედიის მუნიციპალიტეტში საშინელი ინფორმაციით გაგვითენდა. აღარ გვყავს საუკეთესო ადამიანი, ერთგული მეგობარი, საქმის მცოდნე, მოწესრიგებული თანამშრომელი. მომავალ შეხვედრამდე, დათო. შენ ჩვენი დიდი ტკივილი ხარ”, – წერენ გარდაცვლილის თანამშრომლები და მეგობრები.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები























