
“ერთ-ერთი პარამეტრი იყო საკმაოდ ცუდი. ამიტომ ვაპირებდით ეგრევე გადასხმას”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
მისი თქმით, გადასხმის პროცედურა საველე მდგომარეობაში ჩატარდა.
„აქ რომ მოვდიოდი, არ გითხარით, არ გაგიმხილეთ, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ერთ-ერთი პარამეტრი იყო საკმაოდ ცუდი. ამიტომ ვაპირებდით ეგრევე გადასხმას.
გადასხმა ჩატარდა კარგად. დამეხმარნენ ციხის ექიმები, ასევე რეანომობილის ბრიგადა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. ეს სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული. ამიტომ საჭირო არის მისი მკურნალობა საავადმყოფოში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. არ შეიძლება ამისი გაკეთება ციხის საავადმყოფოში. მე როცა ვიყავი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ჩემთან ავადმყოფები მოჰყავდათ ციხის საავადმყოფოდან. ლოგიკას ვერ ვხედავ, აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში, სადაც არ იქნება დაცული ბევრი რამ.
დღეს ჩატარდა ეს სისხლის ანალიზი და ანალიზის ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. დღეს კრიზისი გადავიარეთ. ხვალ შეიძლება ჰოსპიტალიზაცია. ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები























