
ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა.
„ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა, რომ ახლა სააკაშვილი შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და დღის წესრიგში დადგება სამედიცინო სერვისის გაწევა“, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.
„იუსტიციის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებენ სააკაშვილი გადაიყვანონ კერძო კლინიკაში და თითქოს რაღაც საუბარი იმაზე, რომ კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზება კონსილიუმის მხრიდან არ ყოფილა, ეს არის ტყუილი.
კონსილიუმმა, რომელიც საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, მათ შორის შემადგენლობა ჯანდაცვის სამინისტროსგან იქნა დაკომპლექტებული, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტო რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება. ამის შემდეგ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომლის წარმომადგენლობამ შეამოწმა მე-18 დაწესებულება და დადეს დასკვნა. პრინციპში ამას იუსტიციის სამინისტროც არ უარყოფს, რომ მე-18 დაწესებულებაში არ არის შესაძლებელი მაგნიტო რეზონანსული კვლევის და კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის გაკეთება. შესაბამისად, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას იმ პირობებში, როდესაც გვახსოვს ბრეგაძის განცხადება, როდესაც კონსილიუმი შეიქმნა და თქვა, რომ მათ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებდნენ”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. მდგომარეობის გართულების შემთხვევაში N18 პენიტენციიურ სამკურნალო კლინიკაში ამბობენ, რომ მის სამკურნალოდ ყველანაირი პირობა არსებობს. ამასთან, გუშინ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც საუბარია, რომ N18 დაწესებულებაში არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























