
„ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
მისი თქმით, სააკაშვილის ადვოკატებს შეუძლიათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი პროცედურის გამოყენების თხოვნით.
როგორც დოლიძე ამბობს, რადგან სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ადვოკატებს შეუძლიათ დღესვე მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებას ერთ დღეში მიიღებს.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, მაგრამ ამავე დროს მას უნდა ჰქონდეს დაცული ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუყოვნებლივ გამოიყენოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი პროცედურა, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა მისი მოთხოვნის შესაბამისად სამოქალაქო საავადმყოფოში.
39-ე მუხლით დადგენილი დროებითი პროცედურით, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ იხილავს საკითხებს, როდესაც საქმე ეხება მხარის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და გადარჩენის საკითხებს. ჩვენ შეგვიძლია გვოქნდეს იმედი, რომ როგორც ადრე „რუსთავი 2-ის“ საქმეში, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ განიხილავს სააკაშვილის ადვოკატების ამ მიმართვას დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და გამოიტანს გადაწყვეტილებას, გადაყვანილ იქნეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო სააავადმყოფოში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
ეს პირველ რიგში დაადგენს სიმართლეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც დაემორჩილება უალტერნატივოდ ორივე მხარე და აუცილებლად დაემორჩილება საქართველოს ხელისუფლება. ამავე დროს ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც დაამშვიდებს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც სუფთა მოქალაქეობრივად და ასევე პოლიტიკურად ეს საკითხი ადარდებს“, – აცხადებს ანა დოლიძე.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























