
თუ თქვენ ფიქრობთ ორსულობის დაგეგმვაზე ან უკვე ცდილობთ დაორსულებას, დროა ყურადღება გაამახვილოთ პრეკონცეპტუალურ ჯანმრთელობაზე. პრეკონცეპტუალური ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა გულისხმობს ორსულობის წინ და ორსულობებს შორის დაგეგმოთ ექიმთან ვიზიტი, რომლის მიზანი ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებაა. წინამოსამზადებელი პერიოდი ყველა ქალბატონისთვის ინდივიდუალურია და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. იმის მიუხედავად, ეს თქვენი პირველი ორსულობაა თუ არა, მნიშვნელოვანია შემდეგი ეტაპების გავლა:
- დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.
ექიმი განიხილავს თქვენს სამედიცინო ისტორიას და ისეთ სამედიცინო მდგომარეობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ორსულობასა და ნაყოფზე. ასევე მნიშვნელოვანია: წინა ორსულობებისა და მშობიარობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმდინარეობის თავისებურებები და გართულებები; მედიკამენტები, რომლებსაც იღებდით ან იღებთ ამჟამად და ყველა საჭირო ვაქცინის ადმინისტრაციის საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებას.
აუცილებლად განიხილეთ ექიმთან ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
სამედიცინო მდგომარეობა ან დაავადება – მნიშვნელოვანია პაციენტი იყოს შესაბამისი ლიცენზიის მქონე მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ან ნამკურნალები. ეს მდგომარეობები მოიცავს: სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, დიაბეტს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, არტერიულ ჰიპერტენზიას და სხვა ქრონიკულ პათოლოგიებს.
ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები – დაელაპარაკეთ ექიმს თუ ხართ თამბაქოს, ალკოჰოლის, მარიხუანას ან სხვა მავნე ნივთიერებების მომხმარებლები, იღებთ სხვადასხვა ხასიათის მედიკამენტებს, ცხოვრობთ სტრესულ გარემოში და/ან გიწევთ ტოქსიურ ნივთიერებებთან კონტაქტი. ექიმი დაგეხმარებათ მათ მოგვარებაში და გირჩევთ შესაბამის ფსიქო–სოციალურ და სამედიცინო სერვისებს.
მედიკამენტები – ორსულობამდე ან ორსულობის დროს ზოგიერთი მედიკამენტის მიღება იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიებს. თუ გეგმავთ ორსულობას, აუცილებლად განიხილეთ ექიმთან ეს საკითხი. ზოგიერთი პაციენტი იღებს ოპიოიდების ჯგუფის მედიკამენტებს სამკურნალოდ. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია შესაბამისი ლიცენზიის მქონე მედიკოსთან, იმისათვის რომ ზუსტად შეფასდეს რისკები და შეიქმნას წინაპირობა ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების.
ვაქცინაცია – ორსულობამდე, ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ რეკომენდებულია კონკრეტული ვაქცინების ადმინისტრირება, იმისათვის რომ დედისა და ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად დაცული როგორც ანტენატალურ, ასევე პოსტნატალურ პერიოდში. აუცილებლად განიხილეთ ექიმთან ვაქცინების საჭიროების საკითხი და მათი არარსებობის შემთხვევაში დროულად დაგეგმეთ ვაქცინაცია.
- მიიღეთ 400 მკგ ფოლიუმის მჟავა ყოველდღიურად.
ფოლიუმის მჟავა არის B ჯგუფის ვიტამინი, რომელიც ხელს უშლის ნერვული მილის განვითარების დეფექტების ჩამოყალიბებას ანტენატალურ პერიოდში. დღესდღეობით სამედიცინო საზოგადოებები თანხმდებიან, რომ ფოლიუმის მჟავის მიღება ქალმა უნდა დაიწყოს ორსულობის დაგეგმვამდე 1 თვით ადრე, მიუხედავად დეფიციტური თუ არადეფიციტური მდგომარეობებისა, იმისათვის რომ სრულად მოხდეს ორგანიზმში მისი შევსება.
- შეწყვიტეთ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარება.
ალკოჰოლის, თამბაქოსა და მავნე ნივთიერებების მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის/ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომი. თუ საკუთარი რესურსით ვერ ახერხებთ მავნე ჩვევების შეწყვეტას, მიმართეთ ექიმს, რათა გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება.
- თავი აარიდეთ ტოქსიურ ნივთიერებებთან კონტაქტს.
ისეთი ქიმიური ნივთიერებები, როგორებიცაა მძიმე მეტალები, სინთეზური ქიმიური შენაერთები, სასუქები და მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო აეროზოლები უარყოფით გავლენას ახდენენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემებზე და მათ სწორად ფუნქციონირებაზე, რაც შესაძლოა გახდეს უნაყოფობის მიზეზი. ორსულობის დროს ამ ნივთიერებებთან კონტაქტი მრავალი დაავადებისა და გართულების წინაპირობაა.
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.
ჭარბი წონა და სიმსუქნე შეიძლება იყოს როგორც უნაყოფობის, ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მიზეზი. ორსულობის შემთხვევაში ჭარბი წონა და სიმსუქნე იწვევს სამეანო გართულებებს.
წონის დეფიციტი ასევე გახლავთ რისკ–ფაქტორი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების.
ჯანსაღი წონის მთავარი წინაპირობა არა მოკლევადიანი დიეტა, არამედ ჯანსაღ კვებაზე ორიენტირება და რეგულარული ფიზიკური აქტივობაა.
- შეაგროვეთ ინფორმაცია ოჯახურ ანამნეზზე.
ოჯახური ანამნეზი მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი და თქვენი ახალშობილის ჯანმრთელობისათვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ოჯახური ანამნეზი დატვირთულია სხვადასხვა დაავადებით, ექიმთან ვიზიტისას აუცილებლად განიხილეთ ეს საკითხი. შესაძლოა დაგჭირდეთ გენეტიკოსის კონსულტაცია და სხვადასხვა გენეტიკური კვლევა.
- ფსიქოლოგიურად მოემზადეთ ორსულობისთვის.
თუ ამისათვის დაგჭირდებათ სპეციალისტის დახმარება, გაიარეთ მასთან კონსულტაცია.
ჟორდანიას კლინიკა გთავაზობთ ყველა ზემოთჩამოთვლილ სერვისს ერთ სივრცეში და გისურვებთ ჯანმრთელ ორსულობას
მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციისთვის
მის: დიღომი, ჩაჩავას 1
ტელ: 2 99 08 53
(R)






















