
„მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაიმართება მოლაპარაკებები და გადაწყვეტილება შემდეგ გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე, ვირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. არსებობს მოსაზრებები, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ, როგორც ონლაინმომსახურებაში, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ და ეს საკითხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















