22:41 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ციხის ყოფილი უფროსი ამჯერად იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს

პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ციხის ყოფილი უფროსი ამჯერად იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს

 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობაში ბრალდებული ციხის ყოფილი უფროსი, ამირან ჯანაშია დააკავეს. ამჯერად მას გამოძიება იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება.

 

ამირან ჯანაშია იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ის ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ადგილზე შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და მომხდარს აპროტესტებენ. მათი თქმით, ჯანაშიას იარაღი ჩაუდეს.

 

შსს-ს ამ ფაქტზე ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

 

2013 წლის 31 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზუგდიდის სასჯელაღსრულების #4 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ამირან ჯანაშიას და მისი თანამშრომლის, რომეო როგავას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროკურორმა ფელიქს ჯალაღონიამ სასამართლოს 50-მდე მოწმის ჩვენება გააცნო: „ქვედა საცვლის ჩახდა, ჩაკუზულ მდგომარეობაში, პირით კედლისკენ მიყენება, ამ მდგომარეობაში წინ და უკან გადაადგილება, საჯდომთან სანთებელას ანთება, რკინის საგნით ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – ასეთი შინაარსისაა საქმეში არსებული ყველა მოწმის, პატიმრის ჩვენება.

 

პროკურორის თქმით, პატიმარ მოგელი კ.-ს, რომელიც ყაჩაღობის მუხლით იყო  ბრალდებული, ამირან ჯანაშია აიძულებდა გაშიშვლებას, ჩაკუზვას და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასახელებას. მოგელი კ.-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ციხის დირექტორი გაუპატიურების მუქარით აიძულებდა, მიეწოდებინა ინფორმაცია მის საკანში მყოფი სხვა პირების შესახებ და ამ მეთოდით დაითანხმა თანამშრომლობაზე.

 

პროკურორის განცხადებით, პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, დირექტორთან ერთად ციხის თანამშრომელი რომეო როგავა მონაწილეობდა.

 

სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული დიმიტრი თ., რომელიც 2011-2012 წლებში ზუგდიდის ციხეში იხდიდა სასჯელს.

 

დიმიტრი თ.-ს განცხადებით, ის 2011 წლის 19 აგვისტოს მიიყვანეს ზუგდიდის ციხეში და სპეციალურ ოთაში მოათავსეს, სადაც მას ამირან ჯანაშიამ სცემა.

 

„შემზარავი სცენა იყო, შიშველი, ჩაკუზული ვიყავი და მცემდნენ ამირან ჯანაშია და სხები“, – უთხრა პატიმარმა მოსამართლეს.

 

დაზარალებულმა არაადამიანურ მოპყრობაში ციხის დირექტორის გარდა სხვა თანამშრომლებიც ამხილა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილის, კოხტა კოდუას ძმა, ლევან კოდუა.

 

მოწმის განცხადებით, 2012 წლის პარლამენტის არჩევნების წინ, მას ამირან ჯანაშია დაჰპირდა, რომ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდებოდა, თუ არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ხმებს შეაგროვებდა.

 

„მას შემდეგ, რაც შეწყალებით გამათავისუფლეს, სოფელ ახალსოფელში შევხვდით ერთმანეთს. მე 100-მდე ადამიანის ხმა მივეცი, რამაც არ დააკმაყოფილა. ის გაბრაზდა და ხელი დამარტყა“, – განაცხადა დაზარალებულმა.

 

ამირან ჯანაშიასა და რომეო როგავას ადვოკატები ამბობდნენ, რომ მოწმეთა ჩვენებები ზედმეტად ემოციურად იყო წარმოდგენილი.

 

ამირან ჯანაშიას ადვოკატი, სოსო ჯალაღონია ამბობდა, რომ ციხის დირექტორისა და ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ მკაცრი მოპყრობა მიზნად ისახავდა ციხეში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის დამარცხებას.

 

ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ 17 იანვარს, დაკითხვის შემდეგ დააკავა.

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ციხის ყოფილ უფროსს აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 ათას ლარის სახით გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და არჩევნების პროცესის ხელშეშლაში.

 

 

ავტორი: Prime Time

X