
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი პოზიცია საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, დღეს არჩევანის გაკეთება არის მარტივი, ვინაიდან, ერთ მხარეს არის საქმე, პროგრესი და სტაბილურობა, მეორე მხარეს არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები.
„უკვე გავაკეთე არჩევანი და ყველას მინდა მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზებისკენ, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს. თბილისში დღეს ჩვენ ხმას ვაძლევთ კახა კალაძეს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. არსად არ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“. ის არ უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ ბნელი წარსული ყველას გვახსოვს. ერთ მხარეს არის საქმე, პროგრესი, პერსპექტივა, სტაბილურობა და განვითარება, მეორე მხარეს კი არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები.
ამიტომ არჩევანი არის მარტივი და მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს არაა სახლში დარჩენის დრო. მაქვს მოლოდინი იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ მარცხს არ დასჯერდება და შეეცდება ინციდენტების ორგანიზებას, მაგრამ ყველანი უნდა ვიყოთ მობილიზებულები. სახელმწიფო არ მისცემს გასაქანს მათ არცერთ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება არეულობისკენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























