
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„გაცნობებთ, რომ კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.
ინფორმაციისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.
გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება“, – აცხადებენ უწყებაში.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















