
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის პროცესში საპატრიარქოს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი თავს იკავებენ ვაქცინაციის კურთხევაზე, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.
“ჩვენ მომსწრეები ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი. სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა, ასევე, ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად და სიფრთხილის მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა”,- თქვა პრეზიდენტმა.






















