
იმედი მაქვს, ეკლესია და სხვა რელიგიური ორგანიზაციები ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ჩვენ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„პრეზიდენტის დეკრეტი და მთავრობის დადგენილება შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. იქ რელიგიური ორგანიზაციების რიტუალები თუ შეკრებების გამონაკლისი ჩაწერილი არ არის. კანონმდებლობა ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეკლესიებში და სხვა დაწესებულებებში შეკრება შეზღუდულია. ჩვენ ვირუსის პიკს ველოდებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე დრამატულად იზრდება. იმედი მაქვს, ეკლესია და სხვა რელიგიური ორგანიზაციები ქვეყანას იმ მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ჩვენ სიტუაციაზე კონტროლი დავკარგოთ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.
აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















