
საკოორდინაციო საბჭომ დღეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებები საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო.
პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ვაქცინაციას ეხება მოსახლეობის წახალისებას ეხება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 200-ლარიან დახმარებას მიიღებს პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს.
ამასთან, საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.
„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, – განმარტა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მწვანე პასპორტს მოსთხოვენ მხოლოდ ობიექტების სტუმრებს და არა იქ მომუშავე ადამიანებს.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში მწვანე პასპორტი სავალდებულო არ იქნება.
“ისეთ სერვისებში, რაც არის აუცილებელი ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნა და ადამიანი უბრალოდ საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს, თუ არ შევიდა მაღაზიებში, არ შეიძინა პროდუქტი, არ იმგზავრა… სასურსათო მაღაზიაზე მაქვს საუბარი, ესეთ ადგილებში მწვანე საშვის პასპორტი ჯერჯერობით არ ამოქმედდება”, – თქვა გაბუნიამ.
რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, რადგან ეს მოსახლეობის გადასაწყვეტი უნდა იყოს.
„ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო არ გახდება. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება და არ შეიცვლება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მოგივანებით გახდება ცნობილი ის ადგილები, სადაც მოსახლოება მწვანე პასპორტებით სარგებლობას შეძლებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























